Centered Image

ინგლისელები ჩვეულ რიტმში აგრძელებენ

გარეტ საუთგეიტმა, საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთო!

ევროპის ჩემპიონატის მესამე მეოთხედფინალი დიუსელდორფში გაიმართა, სადაც ერთმანეთს უკვე ამბიცია მოზღვავებული შვეიცარიისა და ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები, ინგლისი უპირისპირდებოდნენ.

აღნიშნული მატჩი წინამორბედებს მოსაწყენობის თვალსაზრისით არ ჩამორჩა და შეიძლება, აჯობა კიდეც. ინგლისელები კლასიკურ სტილში აგრძელებდნენ – უფანტაზიო თამაში, მწვავე შეტევისა და ჟინის გარეშე. ერთადერთი ბუკაიო საკა აქტიურობდა ხოლმე, მაგრამ შვეიცარიელთა მასირებული, ორგანიზებული და ფიზიკურად დიდი დაცვის ხაზის ხარისხიანად გადალახვას რომ მხოლოდ საკას მონდომება არ ეყოფოდა, ცხადი ჩანდა.

შვეიცარიელებმა ამ ტურნირზე კარგი მატჩები ჩაატარეს. განსაკუთრებით მერვედფინალი იტალიის წინააღმდეგ, რამაც მათდამი დამოკიდებულებაც და შესაბამისად, მოლოდინიც გაზარდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს იტალია იყო ძალიან სუსტი. უბრალოდ, შვეიცარიელები ჯგუფურ ეტაპზეც სიმპატიურად გამოიყურებოდნენ და გასაკვირი ჩანდა, რომ მურატ იაკინის ნაკრებიც ინგლისელებს ამ ანტი-ფეხბურთში აჰყვა. ალბათ სხვა გზა არც იყო.

საუთგეიტს უცნაური მიდგომა აქვს. მისი გუნდი არ/ვერ თამაშობს და მეტოქესაც არ ათამაშებს. ამიტომაცაა, რომ ალბიონელთა ყველა შეხვედრის შემდეგ საქართველოსა თუ ევროპაში ყოველთვის კრიტიკული გამოხმაურებაა. არ არის აუცილებელი მეტოქის საჯარიმოში იყო სულ 8 ფეხბურთელით, უბრალოდ ინგლისი რაღაცნაირად უსისხლოდ, ზედმეტად ფრთხილად თამაშობს. ან გაუმართავად. რთულად წარმოსადგენია, ამდენი მაღალი დონის ფეხბურთელი, კოლექტიურად ასე ცუდად თამაშობდეს. აქამდეც ვახსენეთ ფაქტი, რომ ინგლისის არაერთი ნაკრები ყოფილა ვარსკვლავური, რომელიც შედეგს ვერ აღწევდა, უბრალოდ იმ გუნდებს შეამჩნევდი იმ ბრიტანულ, მეომრულ ხასიათს, ბრაზით აწითლებულ სახეებსა და თამაშის წყურვილს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის არ ქონის გამო, ინგლისელთა თამაშები, ზედმეტად არასანახაობრივია, მაგრამ ჯერ შედეგი მოაქვს და საუთგეიტიც თავს ამით იმართლებს.

მთელმა პირველმა დუნედ ჩაიარა. არ იქმნებოდა მომენტები, მხოლოდ პატარა ორთაბრძოლები მოედნის ცენტრში, რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო ჩაწოდება და ა.შ. ეს იყო და ეს.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში მურატ იაკინმა თამაშში ცოტა ცვლილებები შეიტანა. ვერ ვიტყვით, რომ შვეიცარიამაც მატჩის დომინანტურ სათამაშო სტილს გადაუხვია და მასობრივად უტევდა, მაგრამ უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის ნახევარზე დიდი ხნით დარჩა. ამ აქტივობამ შედეგიც მოიტანა, როცა ფაბიან შარმა ნდოიეს საჯარიმოში მწვავე პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმაც კარის გასწვრივ ისე ჩააწოდა, რომ ჯერ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილ კონსას ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა, მერე კი სტოუნსმა, რატომღაც პასი ვერ ჩაჭრა. ასეთი შეცდომების შემდეგ, შორეულ ძელთან ფიზიკური დუელი უკვე ბრიელ ემბოლომ კაილ უოკერთან მოიგო და ცარიელ კარში ბურთი ვარდნის შემდეგ შეაგდო. 75-ე წუთზე შვეიცარიამ ანგარიში გახსნა.

საუთგეიტმა სწრაფადვე მიმართა ცვლილებებს, რაც უნდა ვაღიაროთ, რომ ასე თუ ისე, გამოიცნო. ეზეც და პალმერიც თამაშში მშვენივრად ჩაერთვნენ, თუმცა გოლი მაინც ინგლისელთა ყველაზე აქტიურმა ფეხბურთელმა გაიტანა. ბუკაიო საკას ერთხელ მიეცა შანსი, რომ თავისი კლასიკური მანევრი განეხორციელებინა, ფლანგიდან ბურთი სასურველ ცაციაზე ცენტრისკენ შემოიტანა და შორეულ კუთხეში არც ისე ძლიერად, მაგრამ ძალიან ზუსტად დაარტყა, ძელის გავლით ბურთი სომერის კარის ბადეში აღმოჩნდა და 80-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. როგორც აღმოჩნდა, ინგლისელებს სხვანაირად თამაშიც შესძლებიათ, ამის რესურსი რომ აქვთ, ეგ იქამდეც ვიცოდით.

ამის შემდეგ თამაშმა ძველი ტემპი დაიბრუნა და დამატებით დროშიც იგივე გაგრძელდა. თუ გუნდები პირველ ტაიმში არ რისკავდნენ მცირედით მაინც, ლოგიკური იყო, რომ დამატებით დროში უფრო პრაგმატულად ითამაშებდნენ. რეალური მომენტი შაქირიმ შექმნა, რომელმაც ამ ტურნირზე ერთი ლამაზი გოლი გაიტანა შოტლანდიასთან, ბრიტანეთის მეორე წარმომადგენელთან კი ძალიან ცოტა დააკლდა. მარჯვენა ფლანგიდან კუთხური თავისი მაგიური ცაციათი პირდაპირ ახლო ძელის ცხრიანში გაუშვა და ინგლისელები ძელმა იხსნა, მაყურებლებმა კი პოტენციურად ულამაზესი გოლი დავკარგეთ.

ასე მივედით თერთმეტმეტრიანების სერიამდე.

შვეიცარიელთაგან პირველი ნიშნულთან გამოცდილი მანუელ აკანჯი მივიდა, რომელმაც დარტყმა საშინლად შეასრულა – მეკარისგან ოდნავ მარცხნივ, არც მაღალი, არც ძლიერი, არც კუთხეში. მოკლედ, პიკფორდისთვის მარტივი ნადავლი იყო.

შვეიცარიელთაგან დანარჩენი დარტყმები ზუსტად შარმა, შაქირიმ და ამდუნიმ შეასრულეს.

ინგლისელთაგან კი ხუთივე დამრტყმელმა, თითქმის უნაკლო თერთმეტმეტრიანი შეასრულა. მოედანზე აღარ იყო ჰარი კეინი, რომელმაც დამატებით დროში ფეხი იტკინა და ის აივან ტონიმ შეცვალა. ზედიზედ მეორე მატჩია, ტონი სკამიდან მშვენივრად შემოდის. ამჯერად თერთმეტმეტრიანიც ზუსტად შეასრულა, მას კი ბელინგემი, პალმერი, საკა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდიც აჰყვნენ. ინგლისელებმა ხუთივე თერთმეტმეტრიანი გამოიყენეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

ისევ წვალებითა და უსახური ფეხბურთით, მაგრამ გამარჯვებულის გასამართლება ,,არ მოსულა”. როგორღაც საუთგეიტის გუნდი, ამას ახერხებს, თან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ამაყად განაცხადა, რომ ,,დიდებული გუნდი ჰყავს და მისმა ბიჭებმა ამ ტურნირზე საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს”. ცოტა რთულია დათანხმება. ან ჩვენ სხვა ფეხბურთი ვიცით, ან ამ კაცმა იცის რაღაც ისეთი, რასაც ვერ ვხვდებით და ვერ გავიგებთ. ასეთი იქნება თუ ისეთი, საუთგეიტის გუნდი უკვე ნახევარფინალშია და გერმანიიდან თუ თასს ინგლისში ჩაიტანს, სათამაშო ხარისხის გამო აღარავინ დაიჩივლებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading