იტალიელები მხარს ჩეფერინის უჭერენ.
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ნდობას და მხარადაჭერას კარგავს. უეფას წევრი ქვეყნებისგან მას პრაქტიკულად აღარ ექნება საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა.
უელსის, საქართველოს, შვედეთის, დანიის, ნორვეგიის, ფარერების, ფინეთისა და ისლანდიის შემდეგ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციაც ინფანტინოს განუდგა.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ინფანტინომ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის უფლებების მიყიდვა კერძო ინვესტორებზე დააპირა, რათა უფრო მეტი ფინანსური სარგებელი მიეღო. თუმცა, გეგმა ჩავარდა, მალევე, თვითონ თქვა, რომ ამის შესახებ უკან დაიხია. მაგრამ, როგორც ჩანს, დააგვიანა – ჯანის არა მხოლოდ უეფა, არამედ სხვა კონფედერაციებიც განუდგნენ.
“იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ჯანი ინფანტინოს მხარს არ დაუჭერს. ჩვენი პოზიცია სრულად ეთანხმება უეფას პრეზიდენტის, ალეკსანდერ ჩეფერინის ხედვებს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ და ვიმუშაოთ, რომ ფეხბურთში მთავარი როლი ჰქონდეს გულშემატკივარს, სპორტულ დამსახურებას, სოლიდარობასა და მდგრადობას”, – ნათქვამია FIGC-ის პრეზიდენტის, ჯოვანი მალაგოს განცხადებაში.
ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის მარტშია დაგეგმილი. თავიდან, ინფანტინოს კიდევ ერთი ვადით არჩევა პრაქტიკულად გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ხმებს და ნდობას კარგავს. ჯერჯერობით, ყველაზე მეტად ინფანტინოს მხარს არგენტინაში უჭერენ – როგორც ადგილობრივი ასოციაცია, ისე, ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელები, მაგალითად, ხავიერ ძანეტი და ესტებან კამბიასო, რომლებმაც ჯანი საჯაროდ დაიცვეს.










