გიორგის გუნდმა ამჯერად არაიტალიური ანგარიში დააფიქსირა.
სერია A-ს მეშვიდე ტურში გიორგი კვერნაძის ფროზინონემ სასუოლოს უმასპინძლა და მეტოქე 4:2 დაამარცხა. ფროზინონე, რომელიც საწყის ტურებში მშვენივრად გამოიყურება და უკვე ოთხეულშია, საკმაოდ თამამ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი კი გიორგი კვერნაძეა – ქართველმა ამ შეხვედრაშიც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თავისთვის ყველაზე სასურველ, მარცხენა ვინგერის პოზიციაზე.
ანგარიში მასპინძელთა ნახევარმცველმა, ჯაკომო კალომ მეცხრე წუთზე გახსნა, მალევე კი სასუოლოს ლეგენდამ, ბერარდიმ მეთხუთმეტეზე გაათანაბრა. ამის შემდეგ, გიორგი კვერნაძემ მოახერხა მეტოქის ბადის შერხევა, თუმცა სამწუხაროდ, გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
მატჩი 22 წლის იტალიელი თავდამსხმელის, ანტონიო რაიმონდოს ბენეფისად იქცა. რაიმონდომ კარიერაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი, სტუმრებმა კი საპირწონედ მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ კვერნაძეს საგოლე მოქმედება არ ჰქონია, საშუალოზე მაღალი შეფასება (7.1-დან 7.3-დე) დაიმსახურა. გიორგი მწვრთნელმა 75-ე წუთზე შეცვალა და როგორც ჩვეულად, გულშემატკივარმა ჩვენებური დამსახურებული ოვაციებით გააცილა.
ამ მომეტისთვის, ფროზინონეს 13 ქულა აქვს და კალიარისთან მეოთხე ადგილს იყოფს. გიორგის ამ მომენტისთვის 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს, ამ მაჩვენებლით კი იტალიის სერია ა-ში ბომბარდირთა დავაში მე-8 ადგილს იკავებს. პირველზე მისი თანაგუნდელი, რაიმონდო გადავიდა, რომელსაც უკვე 7 გოლი დაუგროვდა.
წარმატებები გიორგი კვერნაძეს!










