Centered Image

კარგი აფიშა და ცუდი სანახაობა

მგონი საქმე აღნიშნული ჩემპიონატის ყველაზე არასანახაობრივ მატჩთან გვქონდა.

ევროპის ჩემპიონატის მეორე მეოთხედფინალშიც სახელები არანაკლები იყო, ვიდრე დღის პირველ შეხვედრაში. მრისხანე რეპუტაციის მქონე საფრანგეთი და უმაღლესი დონის ფეხბურთელებით დახუნძლული პორტუგალიის ნაკრები.

ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გუნდი მიმდინარე ტურნირზე შთამბეჭდავ ფეხბურთს თამაშობს. ფაქტია, მათ მიმართ, ობიექტურად, მეტის მოლოდინი იყო.

აღნიშნულ შეხვედრაში გუნდებმა საკმაოდ დაბალი ტემპი შემოგვთავაზეს. ორი ტაიმის განმავლობაში, სახიფათოს რომ ვუწოდებდით ისეთი, 2-3 მომენტი შეიქმნა. ერთხელ მაიკ მენიომ მაგარი ბურთი აიღო, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ვიტინიასაც უკეთ უნდა დაერტყა. მეორე მხარეს კი კოლო მუანის რუბენ დიასმა დაუფარა, კამავინგამ კი ახლო მანძილიდან სუსტი მარჯვენათი არაზუსტად დაარტყა. ეს იყო და ეს.

ფრანგები ზედმეტად პრაგმატულად თამაშობენ. დიდიე დეშამს 90-იანი წლების იტალიური სკოლისა და მარჩელო ლიპის გავლენა ძალიან ეტყობა. მოედნის ცენტრი გადატვირთულია ათლეტური, ართმევაზე ორიენტურებული ფეხბურთელებით, გრიზმანსა და მბაპეს უფერული მატჩი ჰქონდათ. ფრანგები შეტევაში შედარებით მას შემდეგ გამოფხილზდნენ, როცა თამაშში უსმან დემბელი ჩაერთო, რომელმაც ცოტა მეტი სიჩქარე, მოულოდნელობა და ფეთქებადობა შემოიტანა.

რობერტო მარტინესი კი კლასიკური ესპანური სკოლის წარმომადგენელი და დონინანტური 4-3-3 სქემის კაცია, სადაც მისი გუნდი ბურთს დიდ ხანს ფლობს, ნაკლებს რისკავს, მეტოქეს მის ნახევარზე ამწყვდევს და შეცდომას ელოდება. საფრანგეთის მსგავსი მაღალი დონის მეტოქისგან კი ასეთი შეცდომები თითქმის არ ჩანს. ამიტომაც იყო, რომ პორტუგალიელთა მომენტების უდიდესი ნაწილი მარცხენა ფლანგზე რაფაელ ლეაოს ინდივიდუალური დრიბლინგების ხარჯზე იქმნებოდა. უცნაური იყო 74-ე წუთზე ბრუნო ფერნანდესის გაყვანა, რომელსაც მსგავს სტატიკურ შეხვედრაში, მწვავე პასის გაკეთება და შორიდან დარტყმა შეუძლია. ბრუნოს მართლაც კარგი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა მარტინესმა სხვა გაგრძელება აირჩია.

გრიზმანი და მბაპე მოედანზე აღარ იყვნენ, მარტინესმა კი ყველაზე გამამწვავებელი ფეხბურთელი, ლეაო გაიყვანა და მის ნაცვლად ფელიქსი ჩართო თამაშში. ვერც ბერნარდო სილვა იყო მოწოდების სიმაღლეზე, რონალდუს კი ისეთ სიმჭიდროვეში უწევდა თამაში, არაფრის შანსი არ ჰქონია, იქამდე ბურთი თითქმის არ მიდიოდა.

ასე მივედით ჯერ დამატებით დრომდე, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანების სერიამდე.

თერთმეტმეტრიანების სერია, თითქოს უფრო პორტუგალიელებს აწყობდათ. მათ ჰყავდათ მეკარე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სამიდან სამი თერთმეტმეტრიანი აიღო, ფრანგთა ლიდერები კი მოედანზე აღარ იყვნენ. როგორც აღმოჩნდა, თქმულება იმაზე, რომ ,,პენალტების სერია ლატარიაა”, აზრს მოკლებული არ ყოფილა.

ხუთივე ფრანგმა დარტყმა ზუსტად შეასრულა. ესენი იყვნენ: უსმან დელბელე, იუსუფ ფოფანა, ჟულე კუნდე, ბრედლი ბარკოლა და ტეო ერნანდესი. ხუთივე დამრტყმელმა თითქმის უზადო დარტყმები შეასრულა.

პორტუგალიელთა მხარეს კი ზუსტად დარტყმები კრიშტიანუ რონალდუმ, ბერნარდო სილვამ და ნუნო მენდეშმა შეასრულეს, ჟოაო ფელიქსს კი ნერვებმა უმტყუნა, ბურთი ძელს მოარტყა და ამის გამო პორტუგალიის ნაკრები, რომელიც თითქმის მთელი მატჩი უპირატესობასა და ბურთს ფლობდა, ტურნირს დაემშვიდობა.

კრიშტიანუ რონალდუსთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბორბარდირია, აღნიშნული მატჩი ამ ტურნირზე ბოლო იყო. ეს ერთადერთი დიდი სანაკრებო ტურნირია, სადაც მან გოლის გატანა ვერ შეძლო. 41 წლის პეპესთვისაც აღნიშნული მატჩი, ევროპის ჩემპიონატებზე ბოლო აღმოჩნდა და მისი ცრემლების ნახვა, ის თუ როგორ ამშვიდებდა მუდამ ემოციური რონალდუ, ძალიან მოულოდნელი და დამთრგუნველი სანახაობა იყო.

საფრანგეთი კი გავიდა. იქ მეტოქედ ძალიან ძლიერი და უკეთეს ფორმაში მყოფი ესპანეთი ელოდება. გუნდი, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე, 5 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ნახევარფინალშია. ამ 3 გოლიდან ორჯერ მეტოქე ფეხბურთელებმა საკუთარ კარში გაიტანეს, ერთხელ კი მბაპემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. კილიანსაც ცხვირის ტრავმა, რომელიც ბოლომდე არ მოურჩენია, ფაქტია ხელს უშლის და ისეთ ფეხბურთს ვერ აჩვენებს, როგორიც ეკადრება. გრიზმანსაც სანაკრებო დონეზე იშვიათად ცუდი მატჩები გამოსდის. მაგრამ რასაც ფრანგებს ვერ დავუკარგავთ, ეს არის ძალიან მყარი ნახევარდაცვა, თავისი ათლეტებითა და მათ ზურგში მყოფი ფანტასტიური უკანა ხაზით. ამის ხარჯზე საფრანგეთის ნაკრები ძალიან რთულად დასამარცხებელი გუნდი ჩანს, მაგრამ უკეთეს ფორმაში მყოფი ,,ფურია როხა” მცირედით მაინც, ფავორიტად გამოიყურება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading