ევროპის ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალური დაპირისპირება, წინამორბედე მატჩებთან შედარებით, ვარსკვლავური აფიშით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ სანახაობრივად, ყველა მათგანი დაჩრდილა. რონალდ კუმანის ნიდერლანდებისა და ვინჩენცო მონტელას თურქეთის ნაკრებებმა, გულშემატკივარს, მართლაც მშვენიერი სანახაობა შესთავაზეს.
მატჩი ისეთ ტემპში დაიწყო, ცხადი იყო, რომ ინტენსიურ ფეხბურთთან გვექნებოდა საქმე და ეს ბურთის უაზრო გორაობა არ იქნებოდა. კუმანმა წინა ხაზში სამი სწრაფი შემტევის, ბერგვინი-დეპაი-გაკპოს ტრიო განაწესა, ისინი კი მწვავე პასებით ხავი სიმონსს უნდა მოემარაგებინა. მყარი დაცვის ხაზი, მშრომელი ნახევარმცველები და ფიზიკურად ძლიერი განაპირა მცველები კი მათ ზურგს გაუმაგრებდნენ.

მონტელამ სწორედ სიმონსის განეიტრალება განიზრახა და ამ ჩანაფიქრმა, მინიმუმ პირველ ტაიმში, გაუმართლა. არდა გიულერის ,,ცრუ ცხრიანობა” მშვენიერი მიგნება აღმოჩნდა. ,,რეალის” ახალგაზრდა ვარსკვლავი თითქმის მთელ მოედანს ფარავდა და ძალიან ნაყოფიერი იყო. მშვენიერი იყო მარჯვნივ მორბენალი ბარიშ ილმაზი, რომელიც დიდ სამუშაოს ასრულებდა და ფორვარდული ინსტიქტების წყალობით გიულერის დატოვებულ ცენტრ-ფორვარდის პოზიციასაც ხშირად ავსებდა. მარცხნიდან მოთამაშე ქენან ილდიზი მრისხანედ ვერ გამოიყურებოდა, მაგრამ ის უფრო ხშირად ავსებდა თავდამსხმელის პოზიციას, რადგანაც მის უკან მოთამაშე ფერდი ყადიოღლუ, მიმდინარე ტურნირზე მთელ ფლანგს იდეალურად აკონტროლებს, ტექნიკური უნარებით დაჯილდოებული, მემარჯვენე და შემტევი სტილის მარცხენა მცველია. პირადად ჩემი აზრია, რომ ყადიოღლუ, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე აღნიშნულ პოზიციაზე თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეტესო მაინც არის. მცველის ასეთი უნარები ილდიზს ცენტრისკენ ხშირად შეწევის საშუალებას აძლევდა.

ძირძველ პოზიციას დაუბრუნდა დასვენებული ჰაკან ჩალხანოღლუ, რომელიც ბოლო პერიოდში კლუბსა თუ ნაკრებში უფრო სიღრმიდან, ,,რეჯისტად” თამაშობდა, თუმცა ამჯერად მონტელამ საყრდენი ზონა კლასიკური ჩამშლელებით, სალიჰ ოზკანითა და კაან აიჰანით დატვირდა. განაპირა მცველების ზემოთ ასვლის შემთხვევაში, აიჰანი მესამე ცენტრალური მცველის პოზიციასაც მშვენივრად ავსებდა. სწორედ ეს ორი ჩამშლელი ,,ესხმოდნენ” თავს სიმონსს, რომელიც ამ გენერაციის ნაკრების მთავარი ფანტაზისტაა. სრულიად ბუნებრივია, რომ ორმაგი, ხანაც სამმაგი მეურვეობის პირობებში, ტალანტის გამოვლენა უჭირდა. იგივე ბედს იზიარებდა ბურთისთვის ხშირად უკან დახეული დეპაიც. მოკლედ ცენტრში ნიდერლანდელებს გასაქანი ნაკლებად ჰქონდათ, ფლანგიდან ჩაწოდებებს კი, მეტოქის საჯარიმოში მაღალი ფორვარდის არარსებობის პირობებში, თურქი მცველები მარტივად იგერიებდნენ.

აღნიშნულმა მიგნენებმა თურქებს უპირატესობები მისცა და მონტელას გუნდმა, მართლაც მშვენიერი პირველი ტაიმი ჩაატარა. არაერთი სახიფათო მომენტის შემდეგ, ჩვენმა მეზობლებმა დამსახურებული გოლი გაიტანეს. თურქების ერთ-ერთ მასირებულ შეტევას კუთხური მოჰყვა. ჩაწოდების შემდეგ ნიდერლანდელებმა ბურთი გამოიტანეს, რომელიც არდა გიულერს მარჯვენა ფლანგზე მიუვიდა. ლოგიკურია, რომ ყველა კლასიკურად ცენტრისკენ შეწევას და ცაციათი დარტყმა/პასი/ჩაწოდების ოფციებს ელოდა, მაგრამ არდამ ყველა გააცურა, მარჯვენათი შორეულ ძელთან საუცხოოდ ჩააწოდა და ცენტრალურმა მცველმა, სამეთ აქაიდინმა ანგარიში გახსნა.

პირველი ტაიმში პატარ-პატარა მომენტები, ბუნებრივია, რომ ნარინჯისფერებსაც ჰქონდათ, მაგრამ აღნიშნული 45 წუთი, ალბათ თურქებისთვის, ამ ტურნირზე საუკეთესო იყო.
მეორე ტაიმის სტარტიდანვე კუმანმა პასიური ბერგუინი თამაშიდან მოხსნა, ,,ძველ სკოლას” დაუბრუნდა და მოედანზე კლასიკური, საჯარიმოს ,,ცხრიანი”, ვუტ ვეგჰორსტი შემოუშვა. თურქების პრობლემებიც აქედან დაიწყო. ცენტრალურ მცველებს საჯარიმოში უკვე საქმე გაუჩნდათ, სიმონსსაც შედარებით სივრცე მიეცა, კოდი გაკპო კი თავისი მარცხენა ფლანგიდან შეუჩერებელი ჩანდა. რამდენიმე სახიფათო ჩაწოდებას ვეგჰორსტის მიერ მეორე სართულზე მოგებული ორთაბრძოლები მოჰყვა, მაგრამ გოლი არ გადიოდა. ბუნებრივია, კონტრ-იერიშებზე უარი, არც მონტელას შემტევებს უთქვამთ და მეტოქეს ისინიც ხშირად აწუხებდნენ, მაგრამ ვან დაიკი-დე ვრეის დუეტი ერთი-ერთზე საუცრად თამაშობდნენ და მეტოქეს სივრცეში გაქცევისა და სისწრაფის აკრეფის საშუალებას არ აძლევდნენ.
ნიდერლანდელებმა, ბუნებრივია წნეხი უფრო და უფრო გაზარდეს, თურქეთის ნაკრები კი მეტად ხდებოდა საკუთარ საჯარიმოს მიჯაჭვული, რაც ჩვენს მეზობლებს კარგს არაფერს უქადდა. სტანდარტები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რა დროსაც, ისედაც სახიფათო ვეგჰორსტს, მეტოქის საჯარიმოში ტანმაღალი ცენტრალური მცველებიც ემატებოდნენ. 70-ე წუთზე ნიდერლანდელებმა კუთხური გაითამაშეს, მემფის დეპაიმ საჯარიმოში რატომღაც უმეთვალყურეოდ დატოვებულ სტეფან დე ვრაის ბურთი თავზე დაასვა და ,,ინტერის” ცენტრალურმა მცველმა ახლო მანძილიდან თითქმის იდეალური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

შეცდომით გაშვებულმა გოლმა, თურქებზე ცოტათი შოკური ეფექტი მოახდინა, ნიდერლანდელებმა კი ამით ისარგებლეს. მარჯვენა ფლანგიდან დენზელ დუმფრიზის დაბალმა ჩაწოდებამ საჯარიმოში როგორღაც გაიარა, ორთაბრძოლაში ჩაბმული გაკპოს დარტყმა, მარჯვენა მცველს, მიულდურს მოხვდა და 76-ე წუთზე მისი ავტოგოლით, ნიდერლანდები დაწინაურდა. თავიდან გოლი გაკპოს ჩაეთვალა, მაგრამ შემდეგ ობიექტურად, ავტოგოლად გაფორმდა. ამრიგად, გაკპოს ანგარიშზე ისევ 3 გატანილი გოლია და ჩვენი ჟორჟ მიქაუტაძე, ისევ ბომბარდირთა ლიდერებშია.

თითქოს ისე ჩანდა, რომ თურქეთის ნაკრების სწრაფად გაშვებულ ორ გოლს უნდა გაეტეხა, მაგრამ არაფერიც. ნელ-ნელა მათ უპირატესობა მოიპოვეს და თამაში მეთოდურად გადაიტანეს მეტოქის ნახევარზე. არბიტრმაც კარგი მატჩი გაგვიხანგრძლივა და შეხვედრას 5 წუთი დაამატა. ამ წუთებში თურქებს ზუსტად ის დაემართათ, რაც ჩვენს ნაკრებს მათ წინააღმდეგ შეხვედრაში. ნიდერლანდელები თითქმის გაძლებაზე იყვნენ, როცა მორიგი ჩაწოდების შემდეგ კართან ახლოს მდგომი თურქი ფეხბურთელისგან ბურთი კარისკენ მოულოდნელად წავიდა და ნიდერლანდელთა მეკარე ვეერმანმა, სასწაულით მოიგერია. ორი კარგი მომენტი ჰქონდა ცვლილებაზე გამოსულ აქთურქოღლუს, მაგრამ ორივეჯერ ძალიან ცუდად დაარტყა და ეს შანსებიც გაანიავა (როგორც ჩანს მხოლოდ ცარიელ კარში ურტყამს ზუსტად). ბოლო წამებზე თურქთა მორიგ ჩაწოდებას, დაცვაში კიდევ ერთი არეულობა და მეკარის შეცდომაც მოჰყვა, რომელმაც კარი ცუდად დატოვა, თუმცა მისი ლაფსუსი ცვლილებაზე გამოსულმა მიკი ვან დე ვენმა გამოასწორა და თოსუნის დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

შეხვედრა ასე დასრულდა. ნიდერლანდებმა მოიგო, უმძიმეს ბრძოლაში, სადაც რამდენიმეჯერ ბეწვის ხიდზე გაიარა. უნდა ვაღიაროთ, რომ ნახევარფინალში გასულ გუნდებთან შედარებით, ნიდერლანდების ნაკრები ბევრად სანახაობრივ და ლაღ ფეხბურთს თამაშობს. იგივეს თქმა შეიძლება თურქეთის ნაკრებზეც, რომელმაც 5 ჩატარებულ შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და ამდენივე გაუშვა. მონტელას ძალიან მებრძოლმა და მართლაც თვალსასეირო ნაკრებმა, გულშემატკივართა სიმპატია, ნამდვილად დაიმსახურა.
ნიდერლანდელებს კი მეტოქედ უცნაურად მოთამაშე ინგლისის ნაკრები ელის, რომელიც ყოველთვის, ,,რატომღაც” კარგ ბადეში ხვდება და ნახევარფინალში ისე მოვიდა, ფავორიტად შერაცხულ გუნდთაგან, არცერთს არ დაპირისპირებია. იქნებ ახლა მაინც ვნახოთ, თუ რას მალავს საუთგეიტი ამდენი ხნის განმავლობაში. ნეიტრალური ქომაგი, ალბათ ნიდერლანდების ნაკრებისკენ იქნება, რადგანაც ,,ნარინჯისფერები” მართლაც სანახაობრივ, სწრაფ და გამართულ ფეხბურთს თამაშობენ და ამიტომაც, მცირე ფავორიტებიც არიან.











