შეუძლებელია ლიგის საუკეთესო წინა ხაზს დაუპირისპირდე, როცა შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცენტრი გყავს და ისიც შეზღუდული.
ევროლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე პირველი სერია დასრულდა. სამწუხაროდ, მანუჩარ მარკოიშვილის მონაკო, რომელმაც პლეი-ოფში სასწაულით გააღწია, ოლიმპიაკოსის უმძლავრეს გუნდთან სერიის მე-3 მატჩშიც დამარცხდა, ამჯერად 82:105 და ევროლიგის მიმდინარე გათამაშებას დაემშვიდობა.

მანუჩარ მარკოიშვილი, მას შემდეგ რაც მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ისედაც შეზღუდული რაოდენობის მოთამაშეებით ასპარეზობს. ამჯერად მონაკოს დანაკლისის სახით ძირითადი ცენტრი, გერმანელი დანიელ ტაისიც დააკლდა, ნიკოლა მიროტიჩი კი იქამდეც არ თამაშობდა. ბერძნულ გუნდს ცენტრისა და მძიმე ფორვარდის პოზიციებზე ლიგის პირველი ხუთეულის მოთამაშეები ჰყავს და ისედაც განწირული მონაკო კიდევ უფრო უშანსოდ დარჩა. ოლიმპიაკოსმა ბურთი 37-ჯერ მოხსნა, აქედან შეტევაში 9-ჯერ, როცა მონაკოს შედეგი მხოლოდ 25 იყო – 12 მოხსნა ძალიან დიდი სხვაობაა 40 წუთიანი საპლეიფო მატჩის ფორმატში. ამასთანავე, ოლიმპიაკოსს 54.5% ჰქონდა პერიმეტრიდან – ესეც ანომალიური მოვნენაა.
22 ქულითა და 5 პასით MVP პრიზი ევან ფურნიემ წაიღო, 18 ქულა ალეკ პიტერსმა ჩააგდო, 14 კი ტომას უოლკაპმა. ბარძოკასის გუნდს ლიდერების სრულად დატვირთვა არც კი დასჭირდათ.
21 ქულიანი მატჩი ჰქონდა ახალგაზრდა მეტიუ სტრაზელს, მაიკ ჯეიმსმა კი 16 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი შექმნა, თუმცა თამაშიდან ბევრი სროლა აუცდა. 19 ქულით გუნდს 2 მეტრიანი ჯეირონ ბლოსომგეიმი დაეხმარა, რომელსაც ხშირად უწევდა ცენტრის ან მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაში.

მანუჩარის მონაკო ევროლიგას დაემშვიდობა, თუმცა საფრანგეთის თასი უკვე მოიგო და მალე იქაური ჩემპიონატის პლეი-ოფებს დაიწყებს, სადაც რეგულარულში პირველ ადგილზეა. ოლიმპიაკოსი კი საშინაო ოთხთა ფინალისთვის მოემზადება და დიდი ალბათობით, მკვეთრი ფავორიტის რანგში.
წარმატებები მანუჩარ მარკოიშვილს!











