გრინვუდის ეპოპეამ ახალი მიმართულება მიიღო.
რამდენიმე დღის წინ თითქოს გადაწყვეტილად მოჩანდა მეისონ გრინვუდის „ოლიმპიკში“ გადასვლის ამბავი. მაგრამ ფაქტობრივად კონტრაქტის გაფორმების წინ, რომელიც უკვე გამზადებული იყო და „მარსელის“ მხრიდან „წითელი ეშმაკებვისთვის“ გადახდილ 31 მილიონ ევროს გულისხმობდა, საქმეში მარსელის მერი ჩაერთო და კრიტიკის ქარცეცხლით დაატყდა „ოლიმპიკს“:
„გრინვუდის საქციელი მიუღებელია. ფოტოები რომლებიც გავრცელდა… არ ვიცი რა ვთქვა, გარდა იმისა, რომ ჩვენს საყვარელ გუნდში ასეთი ადამიანის ადგილი არ უნდა იყოს.

მისი გადმოყვანა ჩვენი გუნდის, ქალაქის და სოციუმის ფასეულობების სრული იგნორირება და მათ საწინააღმდეგოდ წასვლა იქნება.
მთელი გულით ვთხოვ ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, თავი შეიკავოს მსგავსი ტრანფერისგან, რომლის სირცხვილსაც კიდევ დიდი ხანი ვეღარ ჩამოვირეცხავთ.“ განაცხადა ბენუა პაიანმა.
საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ „მარსელმა“, გაურკვეველი დროით, შეაჩერა გრინვუდთან კონტაქტები, რასაც სხვა გუნდების გააქტიურება მოჰყვა.
ერთ-ერთი ასეთი გუნდი „ნაპოლია“.
ხვიჩას ირგვლივ არსებული გაურკვევლობა, გუნდის ხელმძღვანელობას, გეგმა „ბ-ს“ საძიებლად უბიძგებს, გრინვუდს კი უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება უკვე აქვს.
ინსაიდერ ჯანლუკა დი მარციოს აზრით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი, დე ლაურენტისი, არ შედის იმ ადამიანთა სიაში, ვისზეც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა ფეხბურთელის წარსულის გამო, შეიძლება მისი ჩანაფიქრების შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს.
ასევე დი მარციო აღნიშნავს, რომ ნეაპოლელები მზად იქნებიან იმავე 31 მილიონის გადასახდელად, ოღონდ უფრო გაწელილ დროში.
შეგახსენებთ, რომ მეისონ გრინვუდმა, შეყვარებულის გალახვის ბრალდებების გამო მიღებული ერთწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, სეზონი ესპანურ „ხეტაფეში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში 33 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 ასისტი შეასრულა.











