Centered Image

მასპინძლები ოლიმპიადაზე

ძალიან მალე სტარტს აიღებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები, სადაც პლანეტის გამორჩეული სპორტსმენები მოიყრიან თავს. საფეხბურთო დონეზე, ოლიმპიადა გამორჩეული ტურნირი არასდროს ყოფილა, აი რაც შეეხება ნომერ მეორე სპორტს, კალათბურთს, სანაკრებო დონეზე ეს ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი ფორუმია და აქაური მატჩები ისტორიის ნაწილი ხდება. გადავხედოთ ფავორიტ ნაკრებებს, მათ შემადგენლობებსა და შანსებს. პირველ რიგში კი მასპინძელი – საფრანგეთის ნაკრები განვიხილოთ.

საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრებს 2009 წლიდან სათავეში ძალიან გამოცდილი მწვრთნელი, ვენსან კოლე უდგას, რომელმაც 15 წლიანი მუშაობის პერიოდში ნაკრებს 2013 წლის ევროპის ჩემპიონობა მოუტანა. ფრანგული კალათბურთი როგორც ევროპაში, ისე NBA-ს მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ხდება, ამიტომაც საშინაო ოლიმპიადაზე კოლესადმი მოთხოვნაც უმაღლესია და მედლების გარეშე ტურნირის დამთავრება, ალბათ უპატიებელი იქნება.

ფრანგების 12 კაციანი შემადგენლობა საკმაოდ მძლავრად გამოიყურება. მათი შემადგენლობა ძალიერ ძლიერი წინა ხაზითა და შედარებით სუსტი უკანა ხაზით ხასიათდება.

გამთამაშებლის პოზიციაზე კოლემ ,,პარტიზანის” ფრენკ ნილიკინა, ,,გრან კანარიას” ენდრიუ ალბისი და ,,მონაკოს” ახალგაზრდა, მეტიუ სტრაზელი იახლა. დიდია შანსი, რომ ძირითადი შემადგენლობიდან ვერცერთმა მათგანმა ვერ დაიწყოს, რადგანაც სტატუსით ვერცერთი ვერ დაიკვეხნის. ყველაზე დიდი შანსი, ალბათ მაინც ალბისის აქვს, რომელსაც სტაბილური სროლა აქვს და დაუზარელი დაცვის გამო კოლეს ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა.

მეორე ნომრებიდან ნაკრების განაცხადში უგამოცდილესი ნანდო დე კოლო და ევან ფურნიე არიან. ორივე მათგანმა სეზონი თითქმის გამოტოვა და პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიან, თუმცა სანაკრებო დონეზე ყოველთვის ძალიან მაგრად თამაშობენ და დიდია შანსი, რომ უკანა ხაზის სტარტერები, სწორედ ისინი იყვნენ. დე კოლო, საერთოდაც ფიქტიურად არის 2 ნომერი, თორემ გამთამაშებლის სქილ-სეტს, იდეაში ბევრად უკეთ ფლობს.

მსუბუქი ფორვარდებიდან ნაკრებში არიან გამოცდილი ნიკოლა ბატუმი, თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი აიზეა კორდინიე და ,,ვაშინგტონ ვიზარდსის” ახალგაზრდა მსროლელი ბილალ კულიბალი, რომელსაც მეორე ნომრის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. სტარტერი ალბათ ბატუმი იქნება, რადგანაც უკვე წლებია, ნაკრებში ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს. კორდინიე კი დაცვითი სტილის ფრთის მოთამაშეა, ნორმალური სროლით – მსგავსი უნარების მქონე მოთამაშეები თანამედროვე კალათბურთში, ნებისმიერ როტაციაში, ძალიან სასურველი წევრები არიან.

რაც შეეხებათ მაღლებს – აქ ძალიან დიდი კონკურენციაა. 4-5 ნომრების პოზიციებზე ფრანგებს ,,რეალის” გერშონ იაბუსელე, ,,პანათინაიკოსის” მატიას ლესო, ,,მინესოტა ტიმბერვულვზის” რუდი გობერი და თანამედროვე კალათბურთის უმთავრესი ტალანტი, ,,სან ანტონიო სპურსის” ვიქტორ ვემბანიამა ჰყავთ.

ძირითადი ცენტრის პოზიციაზე რუდი გობერის კანდიდატურა განხილვას არ ექვემდებარება. კოლე დაცვითი სტილის მწვრთნელია, გობერი კი მისი გუნდის მთავარი ღერძი. ასევე მნიშვნელოვანი მისი სტატუსია, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში, ასე თუ ისე, მაინც ყველაზე ძლიერ კალათბურთელად რჩება.

მძიმე ფორვარდის პოზიციაზე კი ორი ვარიანტია – ან მშრომელი მოთამაშე იაბუსელეს სახით, რომელიც კოლეს ძალიან უყვარს. ანდაც ვემბანიამას გამწესება მშობლიურ 4 ნომრის პოზიციაზე და სამწამიანის გაუვალ კედლად გადაქცევა. მართალია, სანაკრებო კალათბურთში სასტარტო-სათადარიგო მოთამაშეობა სათამაშო დროზე გადამწყვეტ გავლენას არ ახდენს, მაგრამ ასეთი სტატუსის მქონე მოთამაშეებისთვის, სტარტერობას მაინც დატვირთვა აქვს.

ფრანგები B ჯგუფში ბრაზილიის, გერმანიისა და იაპონიის ნაკრებებთან იასპარეზებენ და წესით ჯგუფიდან გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ. პლეი-ოფშიც ფრანგები, წესით აუტსაიდერები არავისთან არ უნდა იყვნენ იქამდე, სანამ აშშ-ს ნაკრებს არ გადაეყრებიან. ამ შემთხვევაშიც უნდა ვაღიაროთ, რომ კოლეს ნაკრები ერთ-ერთია, რომელსაც ,,დრიმ-თიმის” დამარცხება შეუძლია.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading