Centered Image

მესი ისევ ფინალშია!!!

არანორმალური, გიჟური, უკვდავი არგენტინა და ტუხელის ზედმეტი სიფრთხილე.

მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს სპორტულ არენაზე, Mercedes-Benz Stadium-ზე, ლეო მესიმ და მისმა არგენტინამ, საფეხბურთო ისტორიას მორიგი საოცრება შემატეს.

მატჩის პირველი ნახევარი საბრძოლო სახეობას უფრო ჰგავდა, ვიდრე ფეხბურთს. ყოველი სანტიმეტრისთვის ბრძოლას სანახაობრივი ელემენტი შეეწირა, რის გამოც, ოპტას დათვლებით, xG-ს ჯამურმა მაჩვენებელმა პირველად ამ მუნდიალზე, ტაიმის მერე ვერ გადააჭარბა 0.08-ს, ხოლო კარში არ ყოფილა არც ერთი დარტყმა.

სიტუაცია მეორე ტაიმში გამოსწორდა. როჯერსმა მეტოქის საჯარიმოსთან იშვიათი სივრცე მიიღო და საჯარიმოში შეჭრილ გორდონს იდეალური პასი მისცა, “ბარსას” ახალწვეულიც სიტუაციაში გაერკვა და ინგლისი დააწინაურა, სკალონის გუნდი კი თავისთვის კარგად ნაცნობ, მდევრის როლში აღმოჩნდა.

გაშვებულმა გოლმა თამაში მთლიანად შეცვალა. “ალბისელესტემ” მკვეთრად მოუმატა, ინგლისი კი მოგერიებაზე გადაერთო. მატჩის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ტუხელის ცვლილებები გამოდგა. გერმანელმა სპეციალისტმა, ანგარიშის დასაცავად, ექვსმცეველიანი სისტემა აარჩია, რაც არასწორი გადაწყვეტილება გამოდგა.

85-ე წუთზე, კუთხურიდან გათამაშების შემდეგ, მესიმ ირგვლივ ოთხი მეტოქე შემოიკრიბა და ნახევარდაცვაში მარტოდ დარჩენილ ენცოს გადააწოდა ბურთი, რომელმაც, მეოთხე მცდელობით, შორეული დარტყმულით პიკფორდის კარი აიღო. გადამოწმების შემდეგ, მესი ოფსაიდში არ აღმოჩნდა, რის შედეგადაც ანგარიში გათანაბრდა.

ინგლისის ულტრადაცვითმა შემადგენლობამ, ახალ ვითარებასთან მორგება ვეღარ მოახერხა. არგენტინა შეტევებს განაგრძობდა და მაკალისტერის ძელის შემდეგ, ბურთი ისევ მესის მიუვიდა, რომელმაც მატჩში მეორე, ტუნრირზე მეოთხე და სამუნდიალო კარიერაში მეთორმეტე ასისტი შეასრულა. ადრესატი კი ცვლილებაზე გამოსული ლაუტარო მარტინესი იყო.

შედეგად, 2:1 და არგენტინა, ისტორიაში მეშვიდედ, გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატების გადამწყვეტ მატჩში. “ალბისელესტეს” ბალანსი ფინალებში 3:3-ს შეადგენს.

ორი ასისტის შედეგად, ლეომ, გოლ+პასის სისტემით მბაპეს გადაასწრო და ტურნირის ბომბარდირებში 8+4 მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადავიდა. სწორედ 39 წლის ფეხბურთელი დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. მხოლოდ მიმდინარე ჩემპიონატზე, ლეოსთვის ეს მეხუთე მსგავსი აღიარებაა. გარდა ამისა, მესიმ, მსოფლიოს ჩემპიონატების უკვე ზედიზედ მეთერთმეტე მატჩში მოაგროვა მინიმუმ ერთი საგოლე ქმედება, რაც ასევე, ისტორიაში საუკეთესო რეზულტატია.

აღსანშავია, რომ ინგლისის და ტომას ტუხელის გამოვარდნით, გამართლდა კიდევ ერთი სტატისტიკა, რომელიც მუნდიალებს უცვლელად დაჰყვება თან – ჩემპიონ გუნდს ეყოლება იმ ქვეყნის წარმომადგენელი მწვრთნელი, რომელსაც ის სათავეში უდგას.

ჩემპიონობის შემთხვევაში, არგენტინის ნაკრები სულ მესამე გახდება ისტორიაში, ვინც მოახერხებს ზედიზედ ორი მუნდიალის მოგებას. აქამდე ეს მხოლოდ იტალიის (1934-1938) და ბრაზილიის (1958-1962) ნაკრებებს გამოსვლიათ.

ტუხელის გუნდი, მესამე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს, 18 ივლისს დაუპირისპირდება, ხოლო არგენტინა და ესპანეთი, ტიტულს, 19 ივლისს გაითამაშებენ. პირველად მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, ფინალში, ერთმანეთს სამხრეთ ამერიკის და ევროპის მოქმედი ჩემპიონები დაუპირისპირდებიან.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading