კალიფორნიამ ტურნირის სტარტზე ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ მატჩს უმასპინძლა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე როგორც იქნა ითამაშა მთავარმა მასპინძელმა, აშშ-ს ნაკრებმა. 70 ათასზე მეტი გულშემატკივრების თვალწინ ამერიკის ნაკრებმა პარაგვაის ნაკრები 4:1 გაანადგურა და თანაც ძალიან დამაჯერებელ, ინტენსიურ და სანახაობრივ სტილში.
პოჩეტინოს გუნდმა აჩვენა საოცარი პრესინგი, მუდამ ცდილობდნენ გამწვავებას, მეტოქეს ტემპშიც აღემატებოდნენ და მოგება დაიმსახურეს. განაცხადი მასპინძლებმა მალევე გააკეთეს, როცა ანგარიში მე-7 წუთზე, ბობადილიას ავტო-გოლით გაიხსნა და ალოგიკური ნამდვილად არ ყოფილა.
ამის შემდეგ აშშ-ს ნაკრები ნელ-ნელა ზრდიდა უპირატესობას და შედეგებიც მიიღო. ჯერ 31-ე წუთზე მარცხენა ფლანგელების გათამაშებას ბალოგუნის პირველი გოლი მოჰყვა, 45+5 წუთზე კი უკვე მონაკოს ფორვარდი ლამაზ გოლს თვითონ გამოიმუშავებს.

მე-2 ტაიმი სამხრეთელებმა ბევრად უფრო აქტიურად დაიწყეს და გამოავლინეს, რომ თამაში შეეძლოთ. რამდენიმე ტექნიკური შემტევი აშკარად გამოირჩეოდა, მაგრამ პარაგვაელები ფიზიკურად აგებდნენ – ამერიკელებს ორთაბრძოლებში აშკარა უპირატესობა ჰქონდათ.
73-ე წუთზე ცვლილებიდან გამოსულმა მაურისიომ ერთი ბურთი გაქვითა, ხულიო ენსისოს პასის შემდეგ, რომელიც ალბათ პარაგვაელთაგან ყველაზე სანახაობრივთან ერთად, ყველაზე სარგებლიანი ფეხბურთელიც იყო.
გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძელმა ნაკრებმა ტემპი შედარებით დაამშვიდა, თამაშზე კონტროლი აიღო და როცა თითქოს ყველაფერი მშვიდად მთავრდებოდა, ჯოვანი რეინამ იფეთქა და “ტრიველა” დარტყმით 90+8 წუთზე გატანილი ლამაზი გოლით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
აშშ-ს ნაკრებმა ნამდვილად დიდი განაცხადი გააკეთა. მართალია, პარაგვაის ნაკრები ვერ იქნება კარგი საზომი, მაგრამ თამაშის სტილს თუ გავითვალისწინებთ, პოჩეტინოს გუნდი სიმპატიურად მოსჩანს. პარაგვაელებს კი ფიზიკურ გუნდებთან წესით გაუჭირდებათ, მაგრამ ლამაზ ეპიზოდებს შემოგვთავაზებენ.











