მორიგი უგოლო მატჩი და მამარდაშვილის გმირობები.
ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქში, ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე რაუნდის მატჩი მაიმართა, რომელშიც ბრიტანულმა ნაკრებმა საქართველოს უმაპსინძლა და 0:0 ეთამაშა.
სვანაძემ, როტაციის სისტემას არ უღალატა და წინა შეხვედრასთან შედარებით, ძირითად შემადგენლობაში 5 ცვლილება გააკეთა – მინდორზე, საწყისი წუთებიდან გამოვიდნენ მამაგეიშვილი, ზივზივაძე, საზონოვი, მექვაბიშვილი და დავითაშვილი.
ამის მიუხედავად, პირველი ტაიმი ისევ ძალიან მძიმედ ჩავატარეთ. ინიციატივას მასპინძლები ფლობედნენ, ჩვენ კი ცენტრის ბურთთან ერთად გადალახვა უკიდურესად გვიჭირდა.
ჩრდილო ირლანდიელებმა, მეტოქის კარებს სახიფათოდ რამდენიმეჯერ შეუტიეს, თუმცა საქმე ასპროცენტიან მომენტამდე დიდი ხნის განმავლობაში არ მისულა.
სამაგიეროდ, სურათი კვლავაც შეიცვალა მეორე ტაიმის სტარტზე. ამ ერთა ლიგაზე ჩამოყალიბებული ტრადიციისამებრ, ჩვენმა გუნდმა ყველაზე აქტიური წუთები სწორედ მეორე ტაიმის პირველ ნახევარში შემოგვთავაზა, თუმცა დარტყმებამდე საქმე თითქმის არ მიდიოდა.
ამ ყველაფრის ფონზე კი საერთო სურათიდან ამოვარდნილად ჩანდა ის რაც მოხდა მატჩის 81-ე წუთზე. ცვლილებაზე გამოსულმა ლომინაძემ, ბოლო მცველის პოზიციაზე უხეში შეცდომა დაუშვა და მოწინააღმდეგის ფეხბურთელი, მაკგინისი, მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა, თუმცა მამარდაშვილმა თავისი პარტნიორი და ნაკრები იხსნა.

ამით მომენტი არ დასრულებულა. კუთხურიდან ჩვენს საჯარიმოში შექმნილი პანიკის შედეგად, იმავე ლომინაძემ კიდევ ერთი უხეში შეცდომა დაუშვა და ფეხი, ბურთის მაგივრად მოწინააღმდეგის თავს გაარტყა. პრაისმა თერთმეტმეტრიანი მეკარისგან მარჯვენა კუთხეში დაარტყა, თუმცა მამარდაშვილი ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო.
სამწუხაროდ, პირველ თამაშთან შედარებით, სადაც პენალტი ჩვენ გავაფუჭეთ, ხოლო გოლი ბოლო წამს გავუშვით, სურათს სარკისებრი ანარეკლი არ ჰქონია – ბოლო წუთებმა შედარებით მშვიდად ჩაიარა, ხოლო მატჩი უგოლოდ დასრულდა.
წინა მატჩების ისტორია ისევ აქტუალური იყო – მეტოქეს კვლავ ვაჯობეთ ბურთის ფლობის პროცენტში, თუმცა დავიჩაგრეთ როგორც კარში დარტმყების რაოდენობით (2:5), ისე xG-ის მაჩვენებლითაც – 1.84:0.32.
შედეგად, ექვსიდან ოთხი მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ისევ ბოლო პოზიციაზეა ორადორი ქულით და გოლის გარეშე. უკრაინის დამმარცხებელი უნგრეთი კი შვიდი ქულით მეორე ადგილამდე აღზევდა, ხოლო ლიდერთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მათი ჩამორჩენა ერთ ქულასღა შეადგენს.
ბოლო ორი ტური ნოემბრის პაუზისას გაიმართება. 14-ში უნგრეთს ვმასპინძლობთ, ხოლო 17 ნოემბერს ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას უკრაინის ნაკრებთან ნეიტრალურ მოედანზე თამაშით დავასრულებთ.










