ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთადერთი ამხანაგური შეხვედრა პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან გამართა და დამაჯერებლად, ანგარიშით 1-3 გაიმარჯვა.
პირველი ტაიმი ქართველი ფეხბურთელების დიდი უპირატესობით წარიმართა და საბედნიეროდ ეს ტაბლოზეც აისახა. მეათე წუთზე, ჩაკვეტაძის მოწოდებულ კუთხურს გიორგი გველესიანი გამოეხმაურა, რომელმაც მეორე სართულზე ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი საჯარიმოს დაუცველ ნაწილში გაგზავნა და ანგარიში ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა გახსნა.
ამის შემდგომ ჩვენი ფეხბურთელები არ მოდუნებულან და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო. 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე პასის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მომენტიც ცივსისხლიანად დააგვირგვინა – რბილი დარტყმით მეკარეს ბურთი გადაატარა და შორეულ კუთხეში რბილად ჩასვა.

მეორე ტაიმში მონტენეგროელთა რიგებში ცვლილების შემდგომ გუნდის კაპიტანი, სტევან იოვეტიჩი გამოჩნდა. ამან მასპინძელთა შეტევა აშკარად გააძლიერა და მრავალფეროვნება შემატა. თავის დროზე უდიდეს ტალანტად მიჩნეულმა თავდამსხმელმა, მუგოშასთან გათამაშებული კედლის შემდეგ შორეულ კუთხეში დარტყმულით 66-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა.
მატჩის მიწურულს, 80-ე წუთზე შემტევი დუეტი შეიცვალა. მიქაუტაძე-კვარაცხელიას წყვილი დავითაშვილი-ზივზივაძის დუეტმა ჩაანაცვლა და შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ბუდუმ თავისი გოლი 4 წუთში გაიტანა. ზურიკოს კარგ დრიბლინგს მცველის მხრიდან უხეშობა მოჰყვა, ყველა პოტენციურ პენალტზე ფიქრობდა, მაგრამ ზივზივაძე არეულობაში მარტივად გამოერკვა, ფორვარდული ინსტინქტი კიდევ ერთხელ გამოავლინა, ბურთი მარჯვენაზე გაისწორა და შეასრულა – რბილი დარტყმით მეკარისგან მარჯვენა ძელის გავლით შეაგდო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
სამწუხაროდ, მატჩი საკმაოდ უხეში გამოვიდა. დაშავდა ოთარ კიტეიშვილი, რომლის დაზიანებაც იმედია სერიოზული არ იქნება. როგორც ფეხბურთელმა მატჩის შემდგომ ინტერვიუში აღნიშნა, მან კუნთის დაჭიმულობა იგრძნო, შესაბამისად სანიოლმა არ გარისკა და ის ნიკა კვეკვესკირით მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალა. თუ ამ დაზიანებას გართულებები არ მოჰყვა, თურქეთთან, ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩისთვის ნაკრების ,,რეჯისტა” მზად იქნება.
შემდეგი უკვე ისტორიული მატჩია – ეროვნული ნაკრები პირველად დიდ ტურნირზე ითამაშებს!











