გამოჩნდა, რომ სრული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრები ძალიან სოლიდური გუნდია.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ჯგუფის მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდა. მატჩს თბილისის ახალმა არენამ უმასპინძლა და საბედნიეროდ, მეტოქე ძალიან დამაჯერებელი სხვაობით, 101:74 დავამარცხეთ.

ჩვენმა ნაკრებმა თამაში დომინანტურად დაიწყო და პირველ პერიოდში 17 ქულიანი უპირატესობაც კი ჰქონდა, მაგრამ მე-2 მეოთხედში მეტოქე 2 ქულიან დისტანციაზეც მოგვიახლოვდა. მე-3 პერიოდი 5-6 ქულიანი უპირატესობით ჩავიარეთ, დასკვნით მეოთხედში კი 24:7 გაქცევა გავაკეთეთ და მეტოქე საბოლოოდ გატყდა.

24 ქულითა და 7 მოხსნით ულიდერა გუნდს თორნიკე შენგელიამ, გოგა ბითაძე კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო (თუ საუკეთესო არა) – 23 ქულა, 8 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება. 17 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი სანდრო მამუკელაშვილმა აკრიფა, მარკის რიდს კი 12 ქულასთან ერთად 8 პასი და 5 ჩაჭრა ჰქონდა.

12 ქულითა და 4 პასით მონტენეგროელებს იოჯი ფერელმა ულიდერა, 11-11 ქულა კი იოვან კლიაიჩმა და იგორ დრობნიაკმა აკრიფეს.
ჩვენი ნაკრები მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს, პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩი პორტოში გაიმართება და ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება.
წარმატებები საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს!










