მარტივი გამარჯვება ჩინელებთან.
ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის უკანასკნელი დღე, ტრადიციულად, გუნდურ ასპარეზობას დაეთმო.
საქართველომ, ტიტულის დაცვა, მერვედფინალიდან, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ დაპირისპირებით დაიწყო, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ – 4:1 დასრულდა, რასაც მოჰყვა უზბეკეთთან დაძაბული შეხვედრა.
ლიპარტელიანმა, გულბანმა და ბექაურმა, თავიანთი დაპირისპირებები მოიგეს, ხოლო სომხიშვილმა, დემეტრაშვილმა და ლოლაძემ დათმეს. იღბალმა, ამ დროს ზურგი გვაქცია და ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი ვარიანტი დაგვიჯდა, მაშინ, როდესაც უზბეკებს ერთ-ერთი უძლიერესი ფალავნის გამოყვანის შესაძლებლობა მიეცათ, საბოლოოდ, სომხიშვილმა გადამწყვეტი ბრძოლა წააგო და შარშანდელი ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად დავთმეთ.
ჩვენმა გუნდმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ტრადიციულად ძლიერ ფრანგებთან მოგვიწია ბრძოლა.
შეხვედრა საოცრად დაძაბული და დრამატული გამოდგა. ორი მარცხით დაწყების შემდეგ (ლოლაძის და გულბანის) ტატამიზე ტრავმირებული ბექაური გამოვიდა. მისი წაგების შემთხვევაში, მედლების იმედებს პრაქტიკულად ვკარგავდით, თუმცა ლაშამ, მოწინააღმდეგეს აჯობა, ჩვენ კი მედლის შანსი დაგვიტოვა. ამას მოჰყვა სომხიშვილის მარცხი, ასევე ლიპარტელიანის და დემეტრაშვილის გამარჯვებები. მონეტის გდებამ კი ორთაბრძოლა ჰოლივიდური სცენარით წაიყვანა – გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც ფაქტობრივად ნიშნავდა კიდეც ბრინჯაოს მოპოვებას (ბადის დარჩენილ ნაწილში არსებული ბევრად სუსტი მეტოქის ფონზე) ტატამიზე ისევ ბექაურის გამოსვლის ჯერი დადგა. ლაშამ, ცალი ფეხით მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება და თავისი სპორტული მემკვიდრეობა კიდევ უფრო გაიმდიდრა, ჩვენმა გუნდმა კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთის ნაკრები იოლად დავამარცხეთ. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული სომხიშვილის ჩანაცვლება ვერ მოხეხრდა და დაპირისპირება 0:1 ჩამორჩენით დავიწყეთ, ჯერ ლოლაძემ, შემდეგ მაისურაძემ და ბოლოს ეთერ ლიპარტელიანმა ნაადრევი გამარჯვება და ბრინჯაო მოგვიტანეს, თუმცა ამ მედალში, ბექაურის როლი გადამწყვეტი გამოდგა.
ფინალში იაპონიის ნაკრები რუსეთის დამარცხების და მორიგი ტიტულის მოპოვებას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრებებში, საქართველომ ოთხი მედალი მოიპოვა. ოქრო ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ მოიპოვეს, ვერცხლი ეთერ ლიპარტელიანის აქტივში იყო, ხოლო ბრინჯაოს გიორგი სარდალაშვილი დაეუფლა.
მედლების ჩათვლაში მეორე ადგილი დავიკავეთ და მხოლოდ იაპონიას ჩამოვრჩით.











