ნაკრებში დატრიალებული დრამის ფონზე, რონალდუმ ვრცელი ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარი საქციელის ახსნა სცადა:
“შევეცდები ამ სიტუაციის ჩემი ვერსია წარმოგიდგინოთ.
დავიწყოთ იმით, რომ ჟესუსმა პირობა სამჯერ დაარღვია. საუბარია ადამიანზე, რომლის კანდიდატურასაც ნაკრებში მე დავთანხმდი, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტმა აზრი მკითხა. იგივე მოხდა სიმაო კოუტინიოს შემთხვევაშიც (ალ-ნასრის სპორტული დირექტორი).
ჩვენ თავიდანვე შეთანხმებული ვიყავით, რომ მეორე მატჩს მთლიანად ვტოვებდი, რადგან მე აღდგენის საკუთარი გრაფიკი მაქვს, რომლის დარღვევაც არ მსურდა. ამ დროს კი პირველსავე ტაიმში ჟესუსი მოდის და მთხოვს რომ გასახურებლად მოვემზადო, რადგან 30 წუთით ჩემი გამოსვლა დასჭირდებოდა.
მიუხედავად ჩემი გრაფიკისა, ავდექი და მოთელვა დავიწყე. ამასობაში, გადიოდა წუთები და მინდორზე არა და არ გამომიყვანეს. შეხვედრაც ასე დასრულდა, მეც, რა თქმა უნდა მწვავე რეაგირება მოვახდინე, რისთვისაც პორტუგალიელ ხალხს ბოდიშს ვუხდი.

მაგრამ ნახეთ, ჟესუსმა პირობა პირველად მაშინ დაარღვია, როდესაც მითხრა, რომ თამაშს გამოვტოვებდი, შემდეგ კი გასახურებლად გამგზავნა. მეორეჯერ კი ეს მაშინ მოხდა, როდესაც დაპირებული 30 წუთის ნაცვლად საერთოდ არ გამომიყვანა.
პირობა კიდევ ერთხელ იქნა დარღვეული. ეს უკვე პრეს-კონფერენციაზე მოხდა. აი რა და როგორ უნდა ეთქვა ჟესუსს ჟურნალისტებთან:
- ჩვენს შორის შედგა ნაყოფიერი საუბარი და რონალდუმ მიიღო გეგმა.
- კრიშტიანუ ნაკრებს სჭირდება, ვიცი, თუ რამხელა გავლენა აქვს მასზე უკვე 24 წელიწადია.
- კრიშტიანუმ ჩემი შეთავაზებული პირობები მიიღო.
- ამ დროის განმავლობაში, მას შეეძლო ჩემი ნებისმიერი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დაეყენებინა, თუმცა ასე არ გააკეთა, მოიქცა, როგორც უმაღლესი დონის პროფესიონალი და პატრიოტი.
- ნორვეგიასთან მატჩი ხსენებულ გეგმაში არ შედიოდა, თუმცა ვიგრძენი, რომ ის დამჭირდა და დავუძახე. კრიშტიანუ, როგორც უმაღლესი დონის პროფესიონალი, დამთანხმდა.
- დავუშვი უხეში შეცდომა, როდესაც პელეს და მარადონას დონის ფეხბურთელი, გასახურებლად ტყუილად გავუშვი და მინდორზე არ შემოვიყვანე. ძალიან ვნანობ ამას და დღეს რომ მომხდარიყო რაიმე მსგავსი, ასე აღარ მოვიქცეოდი.
- მე მინდა, რომ რონალდუ ნაკრებში იყოს. უბრალოდ კი არ მინდა, ძალიან მინდა. მან ჩემი ირწმუნა ნაკრებში მოყვანისას და ალ-ნასრში დანიშვნის წინაც. მე ის არ უნდა დამეღალატებინა.
- და ბოლოს, რაც შეეხება იმას, რომ კრიშტიანუ გულშემატკივრებს არ მიესალმა და ნაკრებს არ გამოემშვიდობა. მას ეროვნულ გუნდში 230 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული და ქვეყნის სიყვარული ჩემგან არ ესწავლება. ეს იყო იმედგაცრუების წამიერი გამოვლინება, რომელიც აქამდე გაკეთებულს ხაზს ვერ გადაუსვამს.’
ამ თეზისებიდან, არც ერთი არ ყოფილა გაჟღერებული. აი რატომ ვარ ასე იმედგაცრუებული.” განაცხადა ლეგენდარულმა პორტუგალიელმა.
გარდა ამისა, კრიშტიანუმ სამომავლო გეგმაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებას დისკვალიფიკაციის შემთხვევაშიც კი არ გეგმავს:
“როგორიც არ უნდა იყოს სასჯელი, მას მივიღებ. დიახ, შემარბილებელი გარემოებების მთელი წყება არსებობს, თუმცა ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ასე ვრეაგირებდი ბავშვობაში, მაშინ, როდესაც საჭმლის ფული არ გვყოფნიდა, როდესაც მივხვდი, რომ არავის არანაირი საჩუქარი არ შეხვდება. და მაშინაც, როდესაც მამის სიკვდილის შესახებ შემატყობინეს.
გულშემატკივრებს ერთ რამეს ვპირდები – ნაკრების მაისურით კიდევ ვითამაშებ, ასე ყველაფერი არ დასრულდება. როდესაც ფედერაციისგან დანიშნული დისკვალიფიკაციის ვადა ამოიწურება, მაშინ შევხვდებით ერთმანეთს.” განაცხადა კრიშტიანუმ










