“ლანსის” ზღაპარი ახალ სეზონშიც გრძელდება.
Stade Bollaert-Delelis-ის სტადიონზე, რომელიც სწორედ ქალაქ ლანსშია, მასპინძლები, 2026 წლის სუპერთასისთვის ფრანგული ფეხბურთის ჰეგემონ – “პსჟ-ს” დაუპირისპირდნენ და ტოვენის 32-ე წუთზე გატინილი გოლით, 1:0-ც მოიგეს.
საფრანგეთის ლიგა ერთის გასული გათამაშების მთავარმა აღმოჩენამ, რომელმაც ჩემპიონობისთვისაც კი გაიბრძოლა, ამ ზაფხულს მწვრთნელი და რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი დაკარგა. ამის მიუხედავად, აწ უკვე უმცროს ტოპმიულერთან ერთად, გუნდმა თამაშის გამართული სურათი შეინარჩუნა და პარიზულ გრანდს, ლაღი თამაშის საშუალება არ მისცა.
პირველი 20-25 წუთი, მასპინძლებს მძიმე გამოუვიდათ. “პსჟ-ს” მხრიდან მეტოქის კარებში შესრულებულ შვიდ დარტყმას, “ლანსმა,” დიდი ხანი, ვერცერთით უპასუხა. აღსანიშნავია, რომ ამ შვიდიდან, მხოლოდ ორი იყო ზუსტი და ორივე ხვიჩას შესრულებით.

მთლიანობაში, ქართველს გამორჩეული მატჩი ნამდვილად არ გამოსვლია. იმავეს თქმა შეიძლება პარიზელთა ნებისმიერ შემტევზე.
პირველი ტაიმის შუაში, “ლანსმა” თამაშის საკუთარი საჯარიმოდან გადმოტანა შეძლო, ხოლო 32-ე წუთზე, უდოლის საშინელი დარტყმის შედეგად, ბურთი ტოვენს მიუვიდა, ხოლო ზაბარნიმ ვეტერანის ოფსაიდში ჩატოვება ვერ მოახერხა. ტოვენმაც შანსი გამოიყენა და როგორც აღმოჩნდა მატჩის ერთადერთი გოლიც შეაგდო.
გოლის შემდეგ სულ მალე, “ლანსის” ახალგაზრდა ტალანტი ანტონიო გააძავეს. პირველი ტაიმის ბოლოს აკლიუშზე შესრულებული უხეში ვარდნის გამო, 18 წლის ფეხბურთელმა პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა.
თითქმის მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში 10 კაცით დარჩენილმა “ლანსმა” თავი კარგად დაიცვა, პარიზელებსაც მომენტები მინიმალური რაოდენობით ჰქონდათ.
87-ე წუთზე, მენდეშის მხრიდან იდაყვის ხმარების გამო, შემადგენლობები გათანაბრდა, ანგარიში კი ბოლომდე უცვლელი დარჩა.
“ლანსმა”, სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო. უკანასკნელად, ამ ტიტულისთვის გუნდმა 1998 წელს იბრძოლა და სწორედ “პსჟ-სთან” დამარცხდა. პარიზელები, თავის მხრივ, სუპერთასს 14-ჯერ ფლობდნენ, რაც ფრანგული ფეხბურთის რეკორდს შეადგენს.











