როგორც აღმოჩნდა, “აქ ნულზე თამაშის ადგილი არ არის”!
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები დაიწყო და თანაც როგორ? პსჟ საშინაო არენაზე პირველ მატჩში ბაიერნს დაუპირისპირდა, გულშემატკივრებმა ნამდვილი შოუ ვიხილეთ, პარიზულმა კლუბმა კი 5:4 მოიგო. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში, სადაც ყველა გუნდი ყოველთვის საკუთარი კარის უსაფრთხოებასა და შეცდომის გამოჭერაზე აკეთებს აქცენტს, გუნდებმა 9 გოლი გაიტანეს – ნამდვილი სიგიჟეა.

თავიდანვე გამოჩნდა, რომ მატჩის ტემპი იქნებოდა უკიდერუსად მაღალი – ბაიერნთან სხვანაირად არ უნდა ითამაშა და არც დაგაცდის ტემპის დაგდებას. ამ ყველაფერს სტუმრებმა ალღო უფრო მარტივად აუღეს და ანგარიშიც გახსნეს – მე-17 წუთზე ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, რომელიც ლუის დიასმა გამოიმუშავა.
რამდენიმე წუთში იდეალური მომენტი ჰქონდა უსმან დემბელეს, თუმცა პირისპირ გასულმა იმდენად ცუდად დაარტყა, რომ საკუთარი თავის ბარსელონური ვერსია გაგვახსენდებოდა.
24-ე წუთზე უკვე ჩვენი ბიჭის დრო დადგა. ხვიჩა მარცხენა ფლანგზე კარგად გაიხსნა და დუესგანაც პასი დროულად მიიღო სივრცეში. ქართველი სტანისიჩთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა და უკვე გასაგები იყო რაც მოხდებოდა. ხვიჩა ცენტრისკენ შევიდა, ერთი პაუზა და “ბახ” შორეულ კუთხეში – იმდენად ზუსტი დარტყმა იყო, რომ ნოიერი არც განძრეულა.

33-ე წუთისთვის უკვე პარიზელებმა კუთხურიდან გაიტანეს. ყველასთვის მოულოდნელად, დემბელეს ჩაწოდებულ კუთხურს ჟოაო ნევეში თავური დარტყმით გამოეხმაურა და მასპინძლები დააწინაურა.
41-ე წუთზე მაიკლ ოლისემ შემოგვთავაზა პირადი სოლო. ფრანგმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან დრიბლინგით გაისწორა და თავისი საშიში ცაციათი მატვეი საფონოვი კარიან-ბადიანად წაიღო, იმდენად ძლიერად დაარტყა.
პარიზულმა კლუბმა მეტოქე გასახდელში ფრით არ შეუშვა და ამჯერად თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება თავად მიიღო. სტანდარტი საკუთარ თავზე დემბელემ აიღო. მეკარისგან დაბალ, მარცხენა კუთხეში იმდენად კარგად დაარტყა, რომ ნოიერი ვერ მიწვდა, მიუხედავად იმისა, რომ კუთხე გამოიცნო.

ბევრი იფიქრებდა, რომ მე-2 ტაიმსაც გუნდები ასე ვერ გააგრძელებდნენ მაგრამ ნურას უკაცრავად. პსჟ-მ საოცარი მონაკვეთი ჩაატარა და 2 სწრაფი გოლი შეაგდო. ჯერ- 56-ე წუთზე ვიტინია-ჰაკიმის კომბინაცია კვარამ დაასრულა ზუსტი დარტყმით და დუბლი შეასრულა, 58-ეზე კი დემბელემ შექმნა სოლო გოლი და ანგარიში 5:2 გახდა.
რა თქმა უნდა, ბაიერნს ყურები არ ჩამოუყრია – მეტიც, უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს კიდევ უფრო ინტენსიურად შეუტია. შედეგიც მალე მიიღო. ჯერ იოზუა კიმიხმა ჩააწოდა უზუსტესად სტანდარტი, რომელიც 65-ე წუთზე გოლად იქცა. დაიო უპამეკანო ჩაწოდების შემდეგ ბურთს შეეხო თუ არა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ საფონოვი მისმა მოძრაობამ დააბნია და ოფიციალურადაც გოლი მას ჩაეთვალა.
68-ე წუთზე უკვე ბაიერნული კლასიკა ვიხილეთ. ჰარი კეინმა მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი და სივრცეში გაჭრილ ლუის დიაზს დიდებული გადაცემა გაუკეთა საჯარიმოში. კოლუმბიელიც მარკინიოსის წინააღმდეგ მარტო აღმოჩნდა და შეუსრულა – მიღება, პაუზა და ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმა უკვე მხოლოდ დარჩენილი საქმე იყო, რაც კოლუმბიელმა ზედმიწევნით სწორად და ლამაზად შეასრულა.

ამის შემდეგ კიდევ იყო მომენტები, თუმცა ინტენსივობა მაინც მაღალ დონეზე დარჩა. ყველაზე სახიფათო მომენტი მაიულუს შეექმნა, რომელმაც ბოლო წუთებზე ახლო მანძილიდან მარცხენათი უძლიერესად დაარტყა და ბურთი ხარიხას მოარტყა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ამ დიდებულ მატჩში 84 წუთი ითამაშა და ისევ ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. მისი გოლები ძალიან ჰგავდა ჩელსისთან შესრულებულ დუბლს – ერთი კლასიკური მანევრით გაიტანა, მეორე კი ჰაკიმის კარგი განივი პასის შემდეგ. იმ მომენტში, ბურთი დემბელემაც ჭკვიანურად გაატარა და არ უნდა დავუკარგოთ.
საბოლოოდ, ხვიჩას შეფასება ძალიან მაღალი, 8.5 გამოდგა. ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 10 გოლი და 5 ასისტი დააგროვა – ამ მაჩვენებლებით წელსვე გააუმჯობესა უსმან დემბელეს შარშანდელი შედეგი, როცა ფრანგს 14 საგოლე მოქმედება ჰქონდა, ხვიჩას კი უკვე 15 აქვს. თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ძალიან დიდი ალბათობით, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ხვიჩა გახდება.

მომდევნო მატჩს უკვე კიდევ მეტი ინტერესით ველოდებით, რომელიც 5 მაისს გაიმართება და მას ალიანს-არენა უმასპინძლებს.
წარმატებები ხვიჩა კვარაცხელიას!











