რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უესტბრუკის თავის გუნდში ხილვა, ყველაზე მეტად, თვით ნიკოლას უნდოდა.
სამწუხაროა, რომ 9 გზის ოლ-სტარის, NBA-ს ისტორიის ყველა დროის ლიდერის სამმაგი დუბლებით და ბევრისთვის უბრალოდ საყვარელი კალათბურთელის, რასელ უესტბრუკის კარიერა უკანასკნელ წლებში, მკვეთრ დაღმასვლას განიცდის. თავისუფლად შეგვიძლია თქმა, რომ მისი 3 წლიანი პერიოდი ლოს ანჯელესურ გუნდებში, ძალიან წარუმატებელი გამოდგა.
,,ლოს ანჯელეს კლიპერსმა” რასელ უესტბრუკი ,,იუტა ჯაზში” გაუშვა კრის დანის, ბალსა კოპრივიცას დრაფტ-უფლებებისა და თანხის სანაცვლოდ. კრის დანი ,,ჯაზიდან” ისედაც მიდიოდა, თუმცა ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, ე.წ. ,,sign and trade” ფორმატით თავი სასურველ გუნდში ამოჰყო.
რა თქმა უნდა, როგორც უესტბრუკი, ასევე ,,იუტაც” არ ყოფილან თანამშრომლობით დაინტერესებულები. ,,ჯაზი” გადაწყობის პროცესშია და სატურნირო ინტერესები ნაკლებად ამოძრავებს. შესაბამისად, ვეტერანი და რეგრესირებადი გამთამაშებლის გუნდში ყოლით არ მოიხიბლებოდა. რაც შეეხება რასელს, ის ლიგაში კარიერის მე-17, შეიძლება უკანასკნელ სეზონსაც იწყებს და უნდა, რომ იქნებ სადმე საჩემპიონო ბეჭედს გამოჰკრას ხელი. ამიტომაც, უესტბრუკი და ,,იუტა ჯაზი” ,,მეგობრულად” დაშორდნენ ერთმანეთს და კონტრაქტი გაწყვიტეს.

რასელ უესტბრუკი თავისუფალი აგენტიც გახდა და ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატს, ,,დენვერ ნაგეტსს” მიაშურა. ნიკოლა იოკიჩს აქამდეც აღუნიშნავს, რომ რასი მისი ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა და მასთან ერთად სიამოვნებით ითამაშებდა. ბუნებრივია, რომ აღნიშნულ შეთანხმებაზე გავლენა ლიდერის სიმპატიებმაც იქონია, მაგრამ წელიწადში 4 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ასეთი გამოცდილი და მაინც სახელიანი ვეტერანის დამატება, სახელფასო ჭერის პრობლემების მქონე გუნდისთვის, მშვენიერი ვარიანტია.
რამდენიმე ექსპერტმა აღნიშნა, რომ უესტბრუკი ,,დენვერს” ძალიან კარგად მოერგება და ის საჩემპიონო სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრის, ბრიუს ბრაუნის ჩამნაცვლებელი იქნება. მართალია, უესტბრუკი ბრაუნის დაცვით შრომისმოყვარეობასა და უნივერსალურობასთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ შეტევაში დაახლოებით მსგავსი სქილ-სეტის მქონე მოთამაშეები არიან და ეს აზრი შეიძლება არც იყოს შორს ჭეშმარიტებისგან.

ვნახავთ ამას ახალ სეზონში. ,,დენვერ ნაგეტსი” საჩემპიონო გუნდი უდაოდ არის, რესელ უესტბრუკი კი ლიგის ისტორიაში უკვე დიდი ასოებით ჩაწერილი სახელოვანი ვეტერანია, რომელსაც კარიერის დასრულება საჩემპიონო ბეჭდის გარეშე არ სურს. იქნებ ეს სვლა ორივესთვის სასარგებლო აღმოჩნდეს? ამ უესტბრუკმა სადღაც ხომ უნდა გაამართლოს?











