გილოცავთ – იბერია 1999-მა უმძიმეს ბრძოლაში საკუთარ თავს აჯობა და ევრო ტურნირნზე თამაშის უფლება მოიპოვა.
როგორც იქნა, ქართული კლუბი ევროტურნირზე ითამაშებს. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, “იბერია 1999”-მა კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე თამაში გაინაღდა, მაგრამ იქამდე ევროპა ლიგის პლეი ოფი ელის.
საქართველოს ჩემპიონმა ჩრდილოეთ ირლანდიის ლარნეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა. უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ ბევრი, დაახლოებით 18 ათასამდე გულშემატკივრის თვალწინ დიდი ბრძოლა გამართა და მატჩი სათავისოდ დაასრულა. გასვლაზე იბერია 1999-მა ფრედ, 0:0 ითამაშა, ამიტომაც ნებისმიერი ანგარიშით მოგება აძლევდა ხელს. ძირითად დროში ფრე, 1:1 მივიღეთ და მოგება არ მოხერხდა, მაგრამ დამატებით დროში იბერიამ ერთი გოლი გაიტანა და ისტორია დაწერა.

პირველ ტაიმში იბერია ფრთხილობდა და სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა. მართალია, ბურთი გვეჭირა, მაგრამ გამწვავება ნაკლებად იყო. მარჯვნიდან ბედოშვილი აქტიურობდა, მარცხნიდან ნაჭყებია, მაგრამ ნომინალური ფორვარდის არყოფნის გამო ჩაწოდებებს აზრი არ ჰქონდა, ძალიან ბევრჯერ გათამაშებულმა კუთხურმა კი ვერაფერი შედეგიანი ვერ მოიტანა.

აი, მეორე ტაიმში იბერიამ თამაში შედარებით გამოასწორა და სტანდარტულების გათამაშებაც უკეთ გამოუვიდა. მეტოქემ მოედნის ცენტრი და ინიციატავი, ფაქტიურად სრულად დაგვითმო, რამდენიმე კარგი მომენტიც შეიქმნა, მაგრამ გოლი არ გავიდა. მეტოქე ჭკვიანურად თამაშობდა – ფიზიკურად ძლიერი, რომელიც პატარ-პატარა ჯარიმებით ჩვენი ფეხბურთელების პროვოცირებას ცდილობდნენ და პარალელურად ინტენსივობისა და ტემპის გაზრდის საშუალებას არ აძლევდნენ.
იბერიამ თავისი სცენარი მაინც ბოლომდე გაიტანა – ბედოშვილის გოლის მომენტში, საქართველოს ჩემპიონმა ლარნი წინ ამოიტყუა და ზურგს უკან სივრცეები გააჩინა, რასაც მატჩის პირველი გოლი მოჰყვა. ირაკლი სიხარულიშვილმა ქუსლით ფანტასტიური პასი გააკეთა, მერე ბედოშვილმა 1-1-ზე მცველთან წაიღო ბურთი, მარცხენაზე გაისწორა და ძალიან მაგრად, ზუსტად დაარტყა. 73-ე წუთზე ანგარიში გავხსენით და ლარნი თითქოს განწირული ჩანდა.

სცენარი ქართული კლუბებისთვის ნაცნობად წარიმართა – გატანილი გოლის შემდეგ თავდაჯერების ნაცვლად, დაცვის ხაზში სრული ქაოსი დაიწყო და ჩრდილო ირლანდიელებმაც სწრაფად გვიპასუხეს. 76-ე წუთზე საჯარიმოსკენ რიკოშეტით წასული ბურთი მცველებმა ვერ გამოიტანეს და 19 წლის ჯეიმს სიმპსონმა გაგვიტანა.
სამწუხაროდ, დარჩენილ დროში მეტოქეს ვერაფერი მოვუხერხეთ და იბერიას გასასვლელად დამატებით ნახევარი საათიც დასჭირდა.
ქართული საკლუბო ფეხბურთს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მომტანი გოლი ნიკა სიხარულაშვილმა გაიტანა. 102-ე წუთზე დადიანის ძალიან კარგი პასის შემდეგ ნიკამ საჯარიმოში შეირბინა და მცირე, მაგრამ შედეგიანი შეხებით იბერიას გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო. ზოგადად, დემჩენკოს სხვა პლიუსებთან ერთად ამ ბიჭის დაწინაურებაც უნდა ვახსენოთ – სიხარულაშვილი ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია, ბევრი გოლი გააქვს და თანაც ნახევარმცველია, რომელსაც საჯარიმოში შერბენის, მომენტის პოვნისა და მისი დასრულების კარგი უნარები აქვს. ამ მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელიც ის აღმოჩნდა, რადგანაც ქუსლით გაკეთებულ ძალიან მაგარ საგოლე პასს უმნიშვნელოვანესი გოლიც დაუმატა.

საქართველოს ჩემპიონმა ამ მოგებით კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება უკვე გაინაღდა, თუმცა იქამდე ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე უნდა ითამაშოს და იქნებ ისტორია ძალიან მალევე, ხელახლა გადაწეროს. იბერიას მეტოქე ევროპალიგის პლეი ოფში პოლონურ იაგელონიასა და შოტლანდიურ რეინჯერსს შორის ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება. პოლონელებმა პირველი მატჩი 2:1 მოიგეს, მაგრამ შოტლანდიაში ამ შედეგის შენარჩუნება გაუჭირდებათ. მთავარია – ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ, მეტოქე ვინ იქნება, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.
გილოცავთ – დაწყევლილი, მოჯადოებული წრე, როგორც იქნა, გადალახულია!
წარმატებები იბერია 1999-ს!











