ფინანსების გადანაწილებით უკმაყოფილება პიკს აღწევს – პროტესტს შესაძლოა ქალთა და კაცთა ჩოგბურთის ლიდერებიც შეუერთდნენ.
“გარდიანის” ინფორმაციით, უახლოესი სამი სლემი, მათ შორის “როლან გაროსი”, რომელიც სტარტს რამდენიმე კვირაში აიღებს, ჩაშლის პირასაა. საქმე შემოსული თანხის გადანაწილებას ეხება, ინიციატორებად კი ჯოკოვიჩი, საბალენკა და გოფი გამოდიან:
“ტურნირის შემოსავლები იზრდება, ჩოგბურთელების გამომუშავება კი იგივე რჩება. ისმის შეკითხვა რატომ? ვიღაცა ჩვენს ხარჯზე აპირებს გამდიდრებას, თანაც ისე, რომ ფეხები შეგვახოცოს. ასე არაფერი გამოვა – ან გადაწყვეტილება გადაიხედება, ანაც ელოდეთ ბოიკოტს” მოჰყავს ანონიმური წყაროს სიტყვები გამოცემას.
საქმე ისაა, რომ როლან გაროსმა, საპრიზო ფონდის გაზრდა 5.2%-ით დააანონსა, როდესაც ტურნირმა, შარშან სარეკორდო მოგება ნახა – 394 მილიონი ევრო, რაც 14%-ით მეტია, ვიდრე ოდესმე.
ის რასაც ითხოვენ ჩოგბურთელები, არის არა მხოლოდ საპრიზო ფონდის შემოსავლების ეკვივალენტურად გაზრდა, არამედ ამ შემოსავლებიდან თავად ჩოგბურთელების წილის მატება. ამ მომენტისთვის, ეს წილი საერთო შემოსავლების 15%-ს შეადგენს, მოთამაშეები კი 22% მოითხოვენ.
“გარდიანის” ცნობით, ეს 22% ჰაერიდან მოტანილი რიცხვი არაა. დიდი სამეულის პერიოდში, შემოსავლის სწორედ ეს მაჩვენებელი ერგებოდათ ჩოგბურთელებს, თუმცა მას მერე, დიდი სლემის ტურნირების ორგანიზატორების აზრით, ვარსკვლავებისადმი ინტერესმა მოიკლო, ხოლო გაზრდილი რეიტინგი წინა თაობის დამსახურებად და გაუმჯობესებული მარკეტინგული სამუშაოს შედეგად უფრო უნდა ჩაითვალოს.
წინასწარი ცნობით, ამ პროტესტს, ხსენებული ჯოკოვიჩის, საბალენკას და გოფის გარდა, შესაძლოა შეუერთდნენ სინერი, გოფი, პაოლინი, რიბაკინა, შელტონი, პეგულა, მედვედევი და ფრიცი.
ჩოგბურთელების პროფ. კავშირების შეხვედრა ITF-ის ხელმძღვანელობასთან უახლოეს დღეებში იგეგმება. თუ ბოიკოტის საფრანგეთის ღია პირველობამდე ორგანიზება ვერ მოესწრო, პროტესტი შესაძლოა “უიმბლდონს”, ან ამერიკის ღია პირველობას შეეხოს.











