“ქურციკების” მთავარმა მწვრთნელმა ჩვენი გუნდი შეაქო და შემადგენლობაც შესამაბისად “დაუნდობელი” გამოჰყავს.
19 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, “ქურციკებად” ცნობილი ნაკრები ბოლო 2 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია და ეს “ბორჯღალოსნებისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი იქნება.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა რამდენიმე დრის წინ ნელსონ მანდელას სახელობის სტადიონზე იტალიის ნაკრები 45:0 უშანსოდ გაანადგურა და რეიტინგის პირველადგილოსანი ძალიან მაგარ ფორმაშია. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ აფრიკის შემადგენლობას რამდენიმე ძალიან მაგარი მორაგბე შეემატება, მათ შორის კაპიტანი, სია კოლისი და ვეტერანი ებენ ეთზებეტი, რომელიც ჩატარებული მატჩების რაოდენობით (132 კეპი) ნაკრების რეკორდსმენია.

საქართველოს წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკელთა რიგებში 3 დებიუტანტი ითამაშებს და სამივე მათგანი წინახაზელია, რაც ცოტა უცნაური, თუმცა საინტერესო სვლაა და შეიძლება მატჩის გარკვეულ ეტაპზე ჩვენს შერკინებას მეტი შანსი მისცეს.
საქართველოსთან მატჩის წინ შემადგენლობის დასახელების შემდეგ პრესასთან “ქურციკების” მთავარმა მწვრთნელმა, რასი ერასმუსმა ჩვენს ნაკრებზე საკმაოდ კარგად ისაუბრა:
რასი ერასმუსი საქართველოს ნაკრებზე: “ვიცით, საქართველოს ნაკრები ფიზიკურად რამდენად ძლიერი გუნდია. ისინი თავის გამოსაჩენად ყველაფერს გააკეთებენ, ამდენად, შერეული შემადგენლობა შევარჩიეთ. გვყავს გამოცდილი მორაგბეები და რამდენიმე ახალბედაც, ამდენად, ბალანსი დაცული იქნება. ქართველი მორაგბეები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ხისტი თამაშით, ამდენად, რაქსა და მოლში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ. ბოლო პერიოდია, საქართველოს ნაკრებს უკანა ხაზშიც საინტერესო მორაგბეები გამოუჩნდა, ამდენად, თამაშის ყველა ასპექტში სრული კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ”.
საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის ნაკრების შემადგენლობა შემდეგია:
შერკინება: 1. ბოან ვენტერი; 2. მარნუს ვან დერ მერვე; 3. ნითინგ ფუხე; 4. ებენ ეტზებეტი; 5. რუან ნორტიე; 6. სია კოლისი; 7. პიტერ-სტეფ დუ ტუა; 8. კობუს ვიზე.
ხაზი: 15. აფელელე ფასი; 14. ედვილ ვან დერ მერვე; 13. ქენან მუდი; 12. დამიან დე ალენდე; 11. კურტ-ლი არენდსე; 10. საშა ფეინბერგ-მნგომეზულუ; 9. გრანტ უილიამსი.
მარქაფა: 16. მბონგი მბონამბი; 17. თომას დუ ტუა; 18. ვინსენ კოხი; 19. არ ჯეი სნიმანი; 20. კვახა სმითი; 21. ფაფ დე კლერკი; 22. ანდრე პოლარდი; 23. დამიან ვილემსე.

წარმატებები საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს!











