ქუთაისის ,,ტორპედო”, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ ,,ომონიას” დაუპირისპირდა. ერთი კვირის წინ, გასვლით შეხვედრაში ,,ტორპედო” 1-3 დამარცხდა, საშინაო არენაზე კი, მინიმუმ 2 ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდა.
,,ომონია” უპირატესობას მატჩის საწყისი წუთებიდანვე დაეუფლა და ეს გოლშიც გარდასახა. 25-ე წუთზე მოედნის ცენტრში ქუთაისელებმა ბურთი ცუდ ვითარებაში დაკარგეს, რასაც მეტოქის სწრაფი კონტრ-იერიში, მარცხენა ფლანგიდან კარის გასწვრივ სემედოს პასი და მარიუსჟ სტეპინსკის გოლი მოჰყვა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა.
მეორე ტაიმი ,,ტორპედომ” ძალიან ენერგიულად დაიწყო და იმედისმომცემი გოლიც, ძალიან სწრაფად გაიტანა. მარჯვენა ფლანგზე გაკეთებულ გრძელ გადაცემას უარლის კარგი გარღვევა მოჰყვა, შემდეგ პასი საჯარიმოს მისადგომებთან და 47-ე წუთზე მომო იანსანემ ანგარიში გაათანაბრა.

სამწუხაროდ, ,,ტორპედომ” მუხტი ვერ შეინარჩუნა და გამოცდილმა მეტოქემ კონტროლი ისევ დაიბრუნა, ტემპი დააგდო და მასპინძელს თამაშის გამწვავების საშუალება აღარ მისცა. ამას სრულიად ბუნებრივად, ქუთაისელთა მეტი რისკი მოჰყვა და დაისაჯა.
კვიპროსელებმა ერთ-ერთ სწრაფ შეტევაში მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდეს, რა დროსაც ბურთზე ნადარაიას სტეპინსკიმ დაასწრო და მეტოქეს თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება მიეცა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, ვილი სემედომ დარტყმა ზუსტად შეასრულა, ,,ომონია” 81-ე წუთზე დააწინაურა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სამწუხაროდ, ქუთაისის ,,ტორპედო” ევროტურნირებს დაემშვიდობა. როგორც ერთი შეხედვით ჩანს, გუნდში განვითარების ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და შედეგიც სადღაც უნდა გამოჩნდეს. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე, ,,ტორპედოს” მეტოქეც ძალიან ძლიერი და გამოცდილი შეხვდა. როგორც უკვე შეჩვეულები ვართ, ,,ტორპედოც” მომავლის იმედად უნდა იყოს.











