Centered Image

,,უზარმაზარი” სემი წავიდა

ევროპული რაგბის უძლიერესი შიდა ჩემპიონატის, საფრანგეთის ,,TOP 14″-ის გათამაშების რეგულარული ნაწილი, 8 ივნისს, ძალიან დრამატული მატჩებით დასრულდა და 6 საპლეიოფო კანდიდატიც გამოვლინდა. დასკვნითი ტურის წინ, მე-6 პოზიციისთვის ერთდოულად 4 გუნდი აცხადებდა პრეტენზიას. მათგან ორი, ,,პო” და ,,პერპინიანი” ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. ორივეს აუცილებლად ესაჭიროებოდა ბონუს ქულით გამარჯვება. ასევე უნდა ექომაგათ, რომ ,,რასინგ 92″ ფავორიტ ,,ლა-როშელთან” 8 ან მეტი ქულით დამარცხებულიყო და გამარჯვებულიც საპლეიოფო მეექვსე პოზიციას მიიღებდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე წარიმართა, რომ ორივე გუნდი ტურნირს დაემშვიდობა. ,,რასინგმა” შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ლელო გაიტანა, თან გარდასახა და საბოლოოდ 5 ქულით, 24-19 დამარცხდა, ,,პომ” კი ,,პერპინიანი” 36-24 დაამარცხდა, მაგრამ ბონუს ქულა ვერცერთმა გუნდმა ვერ აიღო და საბოლოოდ მე-9 და მე-10 პოზიციებზე დაასრულეს ასპარეზობა.

სიმბოლური იყო ფაქტი, რომ ,,პოს” ლეგენდარულმა მეორე ხაზელმა, სემუელ უაითლოკმა მატჩის ბოლოს, 81-ე წუთზე ლელო გაიტანა და გუნდმაც სეზონი ასე ჩაამთავრა. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ლელო სემისთვის არამარტო ამ სეზონში, არამედ კარიერაშიც უკანასკნელი აღმოჩნდა.

ახალი ზელანდიისა და მსოფლიო რაგბის ლეგენდამ, სამწუხაროდ მოთამაშის კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. 16 წლიანი კარიერის შემდეგ ,,უზარმაზარი სემი” წავიდა და სასიამოვნოა რომ, პროფესიონალური კარიერის ბოლო წუთზე ლელო გაიტანა. არადა, სემს, მიუხედავად ხანგრძლივი სათამაშო პერიოდისა, ლელოებით დახუნძლული კარიერა არ ჰქონია, რაც მისი სათამაშო პოზიციისთვის ბუნებრივია.

სემუელ უაითლოკმა პროფესიონალური კარიერა 2008 წელს, სამშობლოში, ახალ ზელანდიაში, ,,კენტერბერიში” დაიწყო, 2010 წლიდან კი ,,ქრუსეიდერსის” უცვლელი წევრი და ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. კარიერის ბოლო წელი მან საფრანგეთში, ,,პოს” რიგებში გაატარა, 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 ლელოც გაიტანა.

სანაკრებო კარიერას რაც შეეხება, მსგავსი შედეგებით, როგორიც სემს აქვს, ბევრი ვერ დაიკვეხნის. უაითლოკი 2010 წლიდან, ,,ოლ-ბლექსის” მეორე ხაზის უცვლელი წევრი იყო და 153 სანაკრებო კეპი მოაგროვა, რაც უპრეცედენტოთ დიდი მაჩვენებელია. ასევე ნაკრებში 35 ლელოც აქვს გატანილი. ზელანდიელთა შემადგენლობაში მან 4 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. 2011 და 1015 წლებში, მისმა ზელანდიამ ჩემპიონის ტიტული მოიგო, 2019 წელს ბრინჯაოს, 2023 წელს კი ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

უაითლოკი კარიერის განმავლობაში მეორე ხაზში, ე.წ. ,,მხტომელის”, ანუ 4 ან 5 ნომრის პოზიციაზე თამაშობდა. 202 სანტიმეტრისა და 120 კილოგრამის მქონე მორაგბე ერთ-ერთ გაუვალ მორკინალად ითვლებოდა და მეტსახელი ,,უზარმაზარიც” აქედან მიიღო, თუმცა მის კარიერულ ხანგრძლივობასა და ციფრებს თუ გავითვალისწინებთ, აღნიშნული მეტსახელი, სხვა სტატუსითაც ერგებოდა. კარიერა უაითლოკმა, სრულიად დამსახურებულად, ერთ-ერთი უდიდესის სტატუსით დაასრულა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading