15 ივნისს, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღე გაიმართა. საბედნიეროდ, სადებიუტო მატჩის შემდგომ დაწყებული ტენდენცია გაგრძელდა და სამივე მატჩში გოლების ნაკლებობა არ ყოფილა.
შვეიცარიის ნაკრები, რომელიც უკანასკნელი წლებია, დიდი საფეხბურთო ფორუმების სტაბილური მონაწილე და ერთ-ერთი გამოცდილი გუნდია, უნგრეთს დაუპირისპირდა. ანგარიში მეტიუ ებიშერის ბრწყინვალე პასის შემდეგ ნიჭიერმა ფორვარდმა, კვადვო დუამ გახსნა. თავიდან არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გააუქმა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ცენტრალურ მცველებს შორის დუა სწორად გაიხსნა და VAR-ის დამოწმების შემდეგ გოლი ჩაითვალა.
პირველი ტაიმის მიწურულს უკვე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ, აებიშერმა გაიბრწყინა. საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი საკმარისად კარგად მოიხელთა და ძლიერი, ზუსტი დარტყმით, მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში შეაგდო.

მეორე ტაიმში უნგრელები შედარებით გონს მოეგნენ და რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ, მიზანს მიაღწიეს. გუნდის მთავარი ვარსკვლავის, დომინიკ შობოშლაის ეფექტურ ჩაწოდებას გუნდის თავდამსხმელი, ბარნაბას ვარგა გამოეხმაურა, ვარდნაში მცველს დაასწრო და თავური დარტყმით აიღო სომერის კარი.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე უნგრელთა მცველის უხეში შეცდომით ბრიილ დონალდ ემბოლომ ისარგებლა, მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3-1.
შვეიცარიელები ჯგუფის მომდევნო მატჩს 19 ივნისს, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, უნგრელებს კი იმავე დღეს მფრინავ გერმანელებთან მოუწევთ საქმის გამოსწორება.











