თურქეთის ნაკრებმა 2 მატჩის ჯამში 62-ჯერ დაარტყა, რაც არანორმალური მაჩვენებელია, ვინისიუსი კი “Joga Bonito”-ს თამაშობს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა ელოდება ბრაზილიის ნაკრების მხრიდან ისეთი ფეხბურთის თამაშს, როგორიც “სელესაოს” ისტორიულად სჩვევია ხოლმე. მთლად კლასიკური შოუ არ ყოფილა, მაგრამ “Joga Bonito”-ს ელემენტები და ლამაზი გოლები ვნახეთ.
ცალკე უნდა აღინიშნოს ჰაიტის ნაკრების მოულოდნელად კარგი თამაში ხელოვნური თამაშგარის შექმნის ეპიზოდებში – სწორედ მათი ეს სტილი არ აძლევდა “სელესაოს” იმის საშუალებას, რომ ანგარიში მალევე გახსნილიყო. პირველ ნახევარში ანჩელოტის გუნდი 5-ჯერ მოხვდა თამაშგარეში, სწორედ ამ მიზეზით გაუქმდა რაფინიას მიერ გატანილი გოლიც, ჯამში კი ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები თამაშგარე მდგომარეობაში 8-ჯერ მოხვდნენ.
23-ე წუთზე ანგარიში კუნიამ გახსნა, თუმცა, დიდწილად ეს ვინისიუს ჟუნიორის დამსახურებაა, რომლის დარტყმულიც მეკარემ ნორმალურად ვერ მოიგერია, ჰაიტელმა მცველმა კი საერთოდ ბურთი ბრაზილიელთა 9 ნომერს გაარტყა და “პენტაკამპეონები” დაწინაურდნენ.
ამ მომენტის შემდეგ იგრძნობოდა, რომ თითქოს ბრაზილიას ხასიათის გამოსასწორებლად ეს გოლი სჭირდებოდა და მალევე კუნიამ დუბლიც შეასრულა. ვინისიუსმა თანაგუნდელს კარგი პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი მეკარეს ახლოს კუთხეში დაურტყა.
ამ გოლიდან რამდენიმე წუთში ანჩელოტისთვის და ბრაზილიისთვის ყველაზე არასასიამოვნო მომენტი დაფიქსირდა – მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, რაფინიამ, რომელმაც ტრავმის გამო თამაშის გაჩერება მოითხოვა. კარლეტომაც აღარ გარისკა, რადგან ისედაც ორი ბურთის სხვაობით იგებდა, შესაბამისად, მის ნაცვლად 19 წლის რაიანი გამოიყვანა.

შესვენებამდე სამამდე უპირატესობა ვინიმ გაზარდა, რომელმაც ლუკას პაკეტას შესანიშნავი პასი გამოიყენა და ერთი-ერთზე ჰაიტის კიპერს აჯობა. ამ კომბინაციაში ბრაზილიური სკოლა იგრძნობოდა.
მეორე ტაიმში ანჩელოტიმ გაბრიელ მარტინელი, დანილო, ედერსონი და ენდრიკი გამოიყვანა. ყველაზე მეტად აღსანიშნავია ამ უკანასკნელის დებიუტი მუნდიალზე, რადგან მასზე ბრაზილიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
ბრაზილიამ მშვიდად, კლასზე მოიგო, თუმცა მთავარი ახლა რაფინიას ჯანმრთელობაა. “სელესაო” 99%-იანი ალბათობით ჯგუფიდან გასულია, მაგრამ შემდეგ მატჩში გამარჯვება დასჭირდება იმისთვის, რათა პირველი ადგილი დაიკავოს და პლეი-ოფის დასაწყისისთვის საქმე არ გაირთულოს.

სათამაშო დღის/ღამის ბოლო მატჩი კი ძალიან დრამატული გამოდგა. თურქეთის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა. ორივე გუნდს პირველ ტურში წაგებული ჰქონდა და ამიტომაც ამ შეხვედრაში მარცხი უკვე კატასტროფის ტოლფასი იყო.
პარაგვაის ნაკრებმა ანგარიში 67-ე წამზე გახსნა. პარაგვაელთა საუკეთესო შემტევის, ხულიო ენსისოს ეფექტური დატოვების შემდეგ მატიას გალარზამ ცაციათი შორი მანძილიდან იდეალურად გაისროლა და პარაგვაი დააწინაურა.

ამის შემდეგ მონტელას შეგირდებმა შეხვედრის ბოლო წუთამდე მეტოქე დაბომბეს და გოლი ვერ შეაგდეს.
მოხდა ისტორიული შემთხვევაც – პარაგვაელთა ერთ-ერთი ლიდერი, ალმირონი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმა მეტოქესთან გადალაპარაკებისას პირზე ხელი აიფარა და ამის გამო მოედნიდან გააძევეს. ეს პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა.

ამის შემდეგ თურქების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, მაგრამ ჩვენმა მეზობლებმა გოლი ვერ შეაგდეს. 32 დარტყმა კარისკენ, 12 კუთხური, უამრავი ჩაწოდება – პარაგვაის დაცვამ ყველაფერი მოიგერია და უმძიმეს ბრძოლაში მოიპოვა 3 ქულა, ჩვენი მეზობლები კი უკვე ოფიციალურად გამოეთიშნენ 1/16 ფინალში გასვლისთვის ბრძოლას.











