პარაგვაის ნაკრების თამაში ანტი-ფეხბურთს აშკარად გაცდა, უზბეკი არბიტრის “წაყრუება” კი ამ ყველაფერს ხელს უწყობდა.
2026 წლის მუნდიალზე მე-2 1/8 ფინალური მატჩი ფილადელფიაში გაიმართა. ერთმანეთის პირისპირ მთავარი ფავორიტი, საფრანგეთის ნაკრები და გერმანიის გამგდები პარაგვაი დაუპირისპირდნენ. სამხრეთ ამერიკელების “ძალისხმევით” მატჩი არც თუ ისე სანახაობრივი გამოდგა, ფრანგებმა კი მძიმე 1:0 მოიგეს და 1/4 ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
პარაგვაი თავიდანვე სუპერ-დაცვითი შემადგენლობით, 5-4-1 სქემით გამოვიდა, სადაც მოედანზე 7 ნომინალური მცველი იყო. ვერ ვიტყვით, რომ ფრანგები თავიდანვე მიაწვნენ მეტოქეს, მაგრამ პარაგვაი პირველივე წუთიდან საკუთარ საჯარიმოში ჩაიკეტა და 0:0-ზე სათამაშოდ იყო გამოსული.

მთლიანობაში, გუსტავო ალფაროს გუნდს ერთი გეგმა ჰქონდა – პროვოკაციებით, უხეშობით, მცირე დარღვევებით და მძიმე თამაშით ფრანგი ფეხბურთელები გამოეყვანათ მწყობრიდან როგორც მენტალურად, ისე ჯანმრთელობითაც. ამას ხელს უწყობდა უზბეკი მთავარი არბიტრის, ილგიზ ტანტაშევის აბსოლუტური ინდიფერენტულობა ამ არასპორტული საქციელების მიმართ. საბოლოოდ, სასაცილო აღმოჩნდა, რომ მსაჯმა 3 ბარათი აჩვენა ფეხბურთელებს და სამივე მათგანი ფრანგებს შეხვდათ.
მომენტები ძალიან ცოტა იყო, ისიც ფრანგები ცდილობდნენ, თორემ პარაგვაელებს მეტოქის ნახევრისკენ არც კი გაუხედავთ. 61-ე წუთზე ბარკოლას ნაცვლად შემოსულმა დეზირე დუემ აქტივობა გაზარდა და საბოლოოდ პენალტიც გამოიმუშავა. მიუხედავად უამრავი პროვოკაციული მცდელობისა, მბაპემ დარტყმა მაინც მშვიდად შეასრულა და ერთადერთი გოლი გაიტანა.

ამასობაში მბაპემ მე-19 გოლი გაიტანა მუნდიალებზე და მესის კიდევ ერთხელ დაეწია. მიმდინარე ტურნირზეც კილიანს უკვე 7 გოლი დაუგროვდა და ამ კომპონენტშიც მესის მიჰყვება თანაბრად.
1/4 ფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებს საკმაოდ უხერხული მეტოქე ელოდება მაროკოს ნაკრების სახით, პარაგვაის ნაკრებმა კი გულშემატკივარს თავი ამ მატჩით არც თუ ისე კარგად დაამახსოვრა.











