გუშინ ღამით, დალასში NBA-ს ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. სამი მარცხის შემდეგ, მავერიკსმა მეტოქეზე ,,ჯავრი” იყარა და კელტები ანგარიშით 122-84 გაანადგურა.
მასპინძლები პირველივე წუთიდან კარგ სვლაზე იყვნენ, ბოსტონს კი, განსაკუთრებით შეტევაში, თამაში ძალიან არ წაუვიდა. ლატვიელი პორჟინგისის არ ყოფნის პირობებში, სათამაშო დრო ქსავიერ ტილმანმა მიიღო და დაცვაში უდიდესი პრობლემები გაჩნდა. გაცვლების შემდეგ ლუკა დონჩიჩიც და კაირი ირვინგიც, თითქმის ყოველთვის, სწორედ ტილმანს უტევდნენ და ქულებს მარტივად აგროვებდნენ. ტაიმი მავერიკსმა 61-35 მოიგო.
მესამე მეოთხედის სტარტიდან სტუმრებმა სიტუაცია ვერ გამოასწორეს და მაცულაც დანებდა, ლიდერები მალევე გაიყვანა და შეხვედრის უკანასკნელი მეოთხედი ფორმალობად იქცა.
ლიდერებს თამაში წაუვიდათ. ლუკამ 29 ქულა ჩააგდო (12/26), 5 მოხნსა, 5 პასი და 3 ჩაჭრა გააკეთა, კაირიმ კი 21 ქულა (10/18) ჩააგდო და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ლიდერების ძალისხმევის ბოლომდე გამოყენება, მატჩის ფონიდან გამომდინარე, აუცილებელი არ აღმოჩნდა.

კელტთაგან პირველ ტაიმში სხვებზე უკეთ მხოლოდ ჯეისონ ტეიტუმი გამოიყურებოდა, რომელმაც შეზღუდულ პირობებში 15 ქულის მოგროვება მოახერხა (4/10). მიმდინარე პოსტ-სეზონში, პირად სტატისტიკას თუ ავიღებთ, ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა ჯეილენ ბრაუნს, რომელმაც მხოლოდ 10 ქულა მოაგროვა (3/12) და დაცვაშიც არადამაჯერებელი იყო. ზოგადად, შეხვედრა იმდენად არათანაბარი გამოვიდა, პირად სტატისტიკების შეფასებაც, ობიექტურად შეუძლებელია.
აღნიშნული მოგება დალასს ხასიათს გამოუსწორებს. სერია ბოსტონში გადაინაცვლებს და მასპინძლებიც ყველაფრის დასრულებას, საშინაო კედლებში ეცდებიან. დალასისთვის, ამჟამად პროგრამა მინიმუმი, საშინაო კედლებში კიდევ ერთი ფინალური მატჩის მასპინძლობის დამსახურებაა. სერიის მეხუთე ტესტი 18 ივნისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.











