“ჟალგირისს” ისტორია დავაწერინეთ.
უეფას კონფერენსლიგის მეორე რაუნდის პირველ შეხვედრაში, “დინამომ” ლიეტუველ მეტოქესთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 3:0-ც მოიგო, თუმცა “ჟალგირისი”, “კლაკსვიკზე” არანაკლებ მრისხანე ძალა აღმოჩნდა, მეორე მატჩში დაგვიქამბექა კიდეც და 7:2, ხოლო ორი მატჩის ჯამში 7:5 დაგვამარცხა.
ჩვენთვის ყველაფერი ცუდად პირველი წუთებიდანვე წარიმართა. მეცხრე წუთზე, კალათბურთთან ასოცირებული ლიეტუვური გუნდი წინ უნდა გასულიყო, თუმცა პეტკოვიჩმა თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.
პენალტის აცილებამ, ბალტიისპირელები დეპრესიაში არ ჩაადგო. შკერლას კოლექტივმა ქართულ გუნდზე შეტევები განაგრძო და თავისას მაინც მიაღწია – ბილენკიმ ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა.
ორი მატჩის ჯამში ორბურთიანი ფორა ჯერ კიდევ ჩვენ სასარგებლოდ იყო და პანიკის მიზეზიც არ არსებობდა, თანაც, მეორმოცე წუთზე, კვარაცხელიას აცილებულს სანტოსმა დაამატა და სტატუს-კვოც აღადგინა, თუმცა ამან, გარდაუვალი მეორე ტაიმისთვის გადადო.

“ფარერების” წარმომადგენელთან ყბადაღებული მარცხის შემდეგ, რთული წარმოსადგენი იყო, თუ ქართულ საკლუბო ფეხბურთს, საერთაშორისო ასპარეზზე, თანაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ამაზე უარესი რამ დაემართებოდა. მაგრამ დაგვემართა.
პეტკოვიჩმა, გაფუჭებული პენალტის გამო შური 59-ე წუთზე იძია და ანგარიში 2:1 გახადა, რასაც მიუხედავად ორბურთიანი უპირატესობისა ორი შეხვედრის ჯამში, ჩვენების საბოლოო მოშლა მოჰყვა.
გოლები თავს სეტყვასავით დაგვატყდა – ნახევარი საათის ინტერვალში, ლორიას კარში ბურთი სულ ექვსჯერ აღმოჩნდა, შუაში კი ვაწაძის ერთადერთი გოლით გავეცით მრისხანე მეტოქეს პასუხი. შედეგად 7:2, ქართული საკლუბო საერთაშორისო ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მარცხის განმეორება და ყველაზე მეტი გაშვებული გოლი, როგორც ტაიმში, ისე მატჩში.
სამაგიეროდ, პირადი ანტირეკორდების გარდა, კეთილი საქმეც გავაკეთეთ და მეტოქეს, ისტორიული მაჩვენებლების დაფიქსირებაში გავუწიეთ დახმარება – პირველად თავის ისტორიაში, “ჟალგირისმა” ევროთასებზე შვიდი გოლის გატანა შეძლო. ასევე, პირველად, მოახერხა სამგოლიანი ქამბექის შესრულება ორი მატჩის ჯამში – მშვენიერი დახმარება ძველ მეგობრებს.
შემდეგ წრეში, ლიეტუვური გუნდის მეტოქე ან ხორვატიის წარმომადგენელი “ჰაიდუკი”, ანაც კვიპროსული “პაფოსი” გახდება.











