იაკინის გუნდმა ჯერჯერობით, ყველაზე გამართული თამაში აჩვენა, მაგრამ შედეგს მოტივაცია და სიმამაცეც სჭირდება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში მე-2 მატჩი შვეიცარიისა და ყატარის ნაკრებებს შორის გაიმართა. მატჩს კალიფორნიამ, კერძოდ კი სან-ფრანცისკომ უმასპინძლა, როცა იქაური დროით დღის 12 საათი იყო – მოკლედ არც თუ ისე კომფორტული ვითარება ფეხბურთის სათამაშოდ, განსაკუთრებით შვეიცარიელებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, საქმე გამარჯვებამდე მაინც ვერ მიიყვანეს და საბოლოოდ ფრე, 1:1 მიიღეს.
ყატარელებს სტარტზევე ჰქონდათ მომენტი, როცა აკანჯის შეცდომით სარგებლობა პირისპირ დარჩენილ ედმილსონ ჟუნიორს ჰქონდა, მაგრამ კობელმა აჯობა.
შვეიცარიის ნაკრებმა თითქმის იდეალური პირველი ტაიმი ჩაატარა – მეტოქე მიჯაჭვული ჰყავდა მისსავე საჯარიმოსთან, შექმნა არაერთი მომენტი და რომ არა ყატარელთა მეკარის, მაჰმუდ აბუნადას საოცარი თამაში, ბევრ გოლს გაიტანდნენ. სწორედ აბუნადამ დაარღვია თამაშის წესები თავისივე საჯარიმოში, რის გამოც პენალტი დაინიშნა და ბრიილ დონალდ ემბოლომ ძალიან მშვიდად გაიტანა.

გატანილი გოლის შემდეგაც შვეიცარიელები აგრძელებდნენ ზეწოლას და არაერთი მომენტი ჰქონდათ, როცა ყატარელები მეტოქის ნახევარზე 2-ჯერ ძლივს გადავიდნენ.
მე-2 ტაიმში ევროპელებმა ბევრად უფრო მშვიდად თამაში დაიწყეს. მართალია, ბურთსა და სივრცეზე სრული კონტროლი ჰქონდათ, მაგრამ სიმწვავესა და ტემპს მოუკლეს. ყატარელებმაც რამდენიმე კონტრ-შეტევის მსგავსიც შექმნეს, თუმცა ეს იაკინის გუნდისთის სიგნალი ვერ აღმოჩნდა. შვეიცარიელებმა დროის სვლასთან ერთად ტემპი კიდევ უფრო დააგდეს, მე-2 გოლის გატანაზე მაინცადამაინც აღარ იზრუნეს და დაისაჯნენ კიდეც. 90+5 წუთზე მარცხენა ფრთიდან შეტევა გაიპარა, ჰომამ ალ’ამინმა კარგად ჩააწოდა და ყატარელთა 35 წლის მცველმა, ბუალემ ხუხიმ თავით გაიტანა.

აღნიშნული ყატარელებისთვის მხოლოდ მე-2 გატანილი გოლი აღმოჩნდა მუნდიალზე, მაგრამ შედეგის მომტანი. ყატარის ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტთან არსებობის ისტორიაში პირველი ქულა აიღო და დიდია ალბათობა, რომ ძალიან მნიშვნელოვანიც.
მურატ იაკინის გუნდი ძალიან გამართულ და საინტერესო ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მე-2 ტაიმში გამოჩენილმა სიფრთხილემ და გაბედულების კლებამ გუნდი აშკარად დააზარალა და მატჩი, რომელშიც წესით მარტივად უნდა მოეგო, ფრედ დაასრულა.
ამრიგად, B ჯგუფში ოთხივე ნაკრებს თითო-თითო ქულა აქვთ (კანადისა და ბოსნიის მატჩიც ფრედ, 1:1 დასრულდა). შესაბამისად, დარჩენილ ტურებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.











