Centered Image

შერმინატორის დიდი აღიარება

საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ცენტრი ჩემპიონთა ლიგაზე გამოარჩიეს.

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგამ, რომელიც რეალურად, ევროპულ დონეზე რანგით მე-3 ტურნირია, ყველა დროის საუკეთესო 50 კალათბურთელი დაასახელა და მე-4 პოზიციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და ტენერიფეს ცენტრი, გიორგი შერმადინი გაიყვანა.

სია შედგენილია შემდეგი კრიტერიუმებით: გუნდური წარმატება, ინდივიდუალური ჯილდოები, კარიერის ხანგრძლივობა, სტაბილურობა და გავლენა.

საუკეთესო 50 მოთამაშიდან საუკეთესო ხუთეული შემდეგია:

5 – ვოიცეხ ჰრუბანი.

4 – გიორგი შერმადინი.

3 – კენდრიკ პერი.

2 – კევინ პანტერი.

1 – მარსელინიო უერტასი.

ავტორიტეტული გამოცემა გიორგი შერმადინს ძალიან კარგად ახასიათებს და საკმაოდ ვრცელ საქებარ წერილს უძღვნის:

“მას შერმინატორს ვუწოდებთ. დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, რომ გიორგი შერმადინს ეს ზედმეტსახელი დიდად არ მოსწონდა, თუმცა მეტოქეების წლების განმავლობაში განადგურების შემდეგ, ეს სახელი იმდენად დამკვიდრდა, რომ, როგორც ჩანს, თავადაც კი შეუყვარდა.

2.16 მეტრი სიმაღლით, გამთამაშებლებზე უფრო რბილი ხელებით მას ისე მარტივად შეეძლო მოძრაობების შესრულება, რომ მისი შეჩება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შერმადინი უდავოდ საუკეთესო შემტევი ცენტრია, რაც კი ამ ტურნირის ისტორიაში გვინახავს.

„ჰუკ-შოტი“ (ქართულად ნახევარკაუჭი) ფარიდან დროულად გამოსვლა, კიდევ ერთი მცველი, რომელიც ჯარიმაზე წამოეგო, ორი საჯარიმო სროლა… და ეს ყველაფერი მეორდება და მეორდება. 2026 წლის აპრილისთვის შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 1416 ქულით და უახლოეს მომავალში მისი შედეგის გაუმჯობესების შანსი საკმაოდ მცირეა.

თუმცა, ქულების საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთ დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება: ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა სწორედ ცენტრის პოზიციის მოთამაშემ დააგროვა. ეს შთამბეჭდავი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგულარული სეზონის MVP-ის ჯილდო 10-დან 9-ჯერ უკანახაზელებს გადაეცათ.

ბევრ სხვა შედეგიან კალათბურთელთან შედარებით, შერმადინმა ეს შედეგი ისე აჩვენა, რომ არც ბურთის მუდმივ კონტროლს ითხოვდა და არც რთულ სროლებს ასრულებდა. მისი თამაში ეფუძნება ეფექტიანობას, სწორ დროში მოქმედებას, ფეხების მუშაობას და მარსელინიო უერტასთან „პიკ-ენ-როლის“ დროს არსებულ, ლამის ტელეპატიურ ურთიერთგაგებას.

ეს დუეტი ტენერიფეში 2019 წელს ერთად მივიდა და მას შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გუნდების დაცვას დიდ პრობლემებს უქმნის.

შერმადინი ზედიზედ სამ სეზონში – 2020, 2021 და 2022 წლებში – ტურნირის სიმბოლური ნაკრების პირველ გუნდში მოხვდა. თუმცა, ეს მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მან მეათე სეზონშიც შეძლო სიმბოლურ ნაკრებში ადგილის დამკვიდრება.

ბადალონაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, ჯილდოს მიღებისას, გიორგი შერმადინმა თავისი სტილის შესაბამისად აღნიშნა, რომ სახლში მსგავსი ჯილდოებით სავსე ოთახი აქვს. იმავე დღეს მან ათწლეულის გუნდში მოხვედრისთვის განკუთვნილი ჯილდოც ჩაიბარა.

ეჭვგარეშეა, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ჩემპიონთა ლიგის ტიტული იყო, რომელიც მან ტენერიფესთან ერთად 2022 წელს მოიპოვა.

ყოფილან უფრო ფეთქებადი ცენტრები. ყოფილან უფრო ათლეტური ცენტრები. მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში უკეთესი ცენტრი არასდროს ყოფილა.

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ჩემპიონი, არაერთხელ არჩეული სიმბოლურ ნაკრებში, ათწლეულის გუნდის წევრი.

შერმინატორმა მხოლოდ საკუთარ პოზიციაზე არ იბატონა, მან ეს პოზიცია თავისი თამაშით განსაზღვრა! – ასე თბილად შეაქო ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ქართველი ცენტრი.

გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის გარდა არაერთი დიდი ტიტული მოიპოვა, მათ შორის, ორჯერ, 2011 და 2013 წლებში ევროლიგა მოიგო ბერძნულ გრანდებში, ტენერიფეს რიგებში კი ორჯერ ესპანეთის “ლიგა ენდესას” MVP ჯილდო მოიპოვა.

წარმატებები გიორგი შერმადინს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading