Centered Image

შეჩერებული “ვიკინგები” და ჯუდის შოუ

ინგლისი ნახევარფინალშია.

ინგლისელების და ნორვეგიელთა ისტორიულმა ჯახმა მაიამიში მდებარე Hard Rock Stadium-ზე მესამე მეოთხედფინალური დაპირისპირების ფარგლებში გადაინაცვლა.

შეხვედრა მაქსიმალურად ფრთხილად დაიწყო, საწყის ნახევარ საათში კი დასამახსოვრებელი პრაქტიკულად არაფერი მომხდარა.

36-ე წუთზე, ნუსას ნაცვლად სასტარტოში გამოსულმა მერვედფინალური სტადიის ერთ-ერთმა გმირმა, შიელდერუპმა, საჯარიმოში ჩააწოდა, თუმცა ბურთი კარისკენ წავიდა, პიკფორდი კი უძლური აღმოჩნდა.

სოლბაკენის გუნდმა, ანგარიში ტაიმის ბოლომდე ვერ მიიტანა. პირველ დამატებულ წუთზე, “ბარსას” ახალწვეულის, გორდონის პასის შემდეგ, ბელინგჰემი საჯარიმოში აღმოჩნდა, ბურთი ელეგანტურად დაამუშავა და ნილანდის კარში უზუსტესად გაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ნახევრის დასრულებამდე, ინგლისმა ნორვეგიას შტურმი მოუწყო, თუმცა წინ გასვლა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმი კი ნორვეგიელთა უპირატესობით დაიწყო.

55-ე წუთზე, სკანდინავიელებმა გოლის გატანაც შეძლეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ჰოლანდმა ელიოტ ანდერსონზე წესები დაარღვია, საყაიმო ანგარიში კი უცვლელი დარჩა, ხოლო მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

მიუხედავად მექსიკასთან ჩატარებული ურთულესი შეხვედრისა, ექსტრა ტაიმებში, მეტი ძალა ინგლისს აღმოაჩნდა.

93-ე წუთზე, ბელინგჰემმა ნილანდის უხეში შეცდომით ისარგებლა და დამატებაზე ყველას დაასწრო, რითიც მატჩის საბოლოო ანგარიშიც 2:1 დააფიქსირა.

ჯუდისთვის, რომელმაც მარადონას შემდეგ პირველმა შეასრულა ზედიზედ ორ საპლეიოფო მატჩში დუბლი, ეს გოლები მიმდინარე მუნდიალზე მეხუთე და მეექვსე აღმოჩნდა. საუკეთესო ბომბარდირებს, მესისა და მბაპეს რვა-რვა გოლი აქვთ გატანილი, ხოლო ჰოლანდს, რომელიც უკვე გამოეთიშა ტუნრირს, შვიდი.

ნახევარფინალურ სტადიაზე, ინგლისის ნაკრები ისტორიაში სულ მეოთხეჯერ გავიდა. ფინალში გუნდი ერთხელ იყო – საჩემპიონო 1966 წელს, ხოლო 1990-სა და 2018 წლებში, ინგლისელებმა, გადამწყვეტ მატჩამდე ვერ მიაღწიეს.

ფინალის საგზურისთვის, ტუხელის გუნდი, არგენტინისა და შვეიცარიის წყვილში საუკეთესოს 15 ივლისს დაუპირისპირდება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading