ფრანგ მცველს მუნდიალზე არც თუ ისე წარმატებით ჩატარებული ერთ-ნახევარი მატჩით მნიშვნელოვანი დაწინაურება გამოუვიდა.
უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფრანგი ცენტრალური მცველი, მაქსენს ლაკრუა კრისტალ პალასიდან კარიერას ჩელსიში გააგრძელებს. ფრანგი ფეხბურთელი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ლონდონურ კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნულ ინფორმაციას უგავლენიანესი ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.
ჩელსი ლაკრუას სანაცვლოდ დაახლოებით £55/60 მილიონს გადაიხდის.
მას შემდეგ, რაც 2024 წელს ლაკრუა კრისტალ პალასში გადაბარგდა, ფრანგმა მცველმა ინგლისურ ფეხბურთს საკმაოდ მარტივად აუღო ალღო და მალევე იქცა ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ მცველად. იმის გათვალისწინებით, რომ ჩაბი ალონსო 3-მცველიანი სათამაშო სქემით თამაშობს, ესპანელმა სპეციალისტმა დაცვის ხაზში ორი ახალი მოთამაშის დამატება მოითხოვა. შესაბამისად, ჩელსი ლაკრუას გარდა უახლოეს კვირებში კიდევ ერთ მცველსაც გაიფორმებს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ისედაც უამრავი, საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელი ისევ ჰყავს.
ჩელსიმ მარკო პალესტრას და მორგან როჯერსის ტრანსფერები უკვე დახურა. გავრცელებული ინფორმაციით ალონსო გუნდის გაძლიერებას კიდევ მინიმუმ 5 ახალი ფეხბურთელით აპირებს.











