მილანის კიდევ ერთ ახალ პროექტში ხერხემალი წელსაც 40 წლის ლუკა იქნება.
როგორც გავლენიანი იტალიური წყაროები იტყობინებიან, მოდრიჩი მილანს კონტრაქტის განახლებაზე მოურიგდა.
ლუკას პირადად ესაუბრა “როსონერის” ახალი მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი რუბენ ამორიმი, რომელსაც ძალიან სურდა მოდრიჩის შენარჩუნება და მიზანსაც მიაღწია. ვეტერანი ნახევარმცველი იტალიურ გრანდთან 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს, სეზონში კი 4.5 მილიონი ევროს გამოიმუშავებს. უახლოეს დღეებში ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.
ლუკა მოდრიჩი მილანს შარშან მადრიდის რეალიდან შეუერთდა. იტალიის სერია ა-ში შესაძლო 38-იდან 37 თამაში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. მართალია, მილანმა “შეძლო” და ბოლო ტურში კალიარისთან საშინაო მარცხის გამო ჩემპიონთა ლიგის საგზური კომოს დაუთმო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ეს ყველაზე ნაკლებად სწორედ მოდრიჩის ბრალი იყო. ამიტომაც, გულშემატკივრები ლუკას გუნდში კიდევ მინიმუმ 1 წლით დარჩენას აქტიურად სთხოვდნენ და როგორც ჩანს, ხორვატზე ამანაც იმოქმედა.
მოსალოდნელია, რომ სწორედ ამან გამოიწვია გუნდის ახალწვეულის, სამუელე რიჩის უკმაყოფილებაც. გასულ სეზონში სწორედ მოდრიჩის პოზიციაზე მოთამაშე რიჩიმ დიდი დრო გაატარა სათადარიგოთა სკამზე და ამ სეზონიდან ელოდა ძირითადში დაწინაურებას, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ გაცხადდა, რომ რიჩის წასვლა უნდა და მილანიც მისი მისამართით მიღებულ წინადადებებს აქტიურად განიხილავდა.
იმედია ლუკა ბევრს ითამაშებს – მისი თამაშით ტკბობისთვის ბევრი დრო აღარ დაგვჩა.











