„უიმბლდონის“ მორიგი სათამაშო დღე საინტერესო და ხუთსეტიანებით აღსავსე გამოვიდა. იყო მოულოდნელობებიც.
მძიმე მატჩი ჩაატარა ნოლემ. სერბი, რომელიც ბადის შედარებით იოლ ნაწილშია, მეორე წრის მატჩს 22 წლის ბრიტანელ ფირნლის წინააღმდეგ ატარებდა. ინგლისელისთვის, რომელმაც ტურნირზე ველური ბარათი მიიღო და ჯერ კიდევ ამერიკაში, „ტეხასის უნივერსტეტში” სწავლობს და თამაშობს, ეს მხოლოდ მეორე პროფესიული ტურნირი იყო. მიუხედავად ამისა, ფეხგადახვეულ ჯოკოვიჩს პრობლემები არ აკლდა. პირველი ორი სეტის 6:3 6:4 დამაჯერებლად მოგების შემდეგ, ბრიტანელმა ძალების ირწმუნა და მესამე სეტი წამოიღო 7:5. მეოთხეში შანსები ორივეს ჰქონდა, თუმცა სერბის გამოცდილებამ თავისი მაინც გააკეთა. მეოთხე პარტია ნოლემ იმავე ანგარიშით მოიგო, რა ანგარიშითაც დამარცხდა მესამეში.

„მეტოქე მეხუთე სეტს იმსახურებდა, მოხარული ვარ რომ ეს თავიდან ავირიდე. შემიძლია თუ არა ოპერაციის შემდეგ კორტზე უკეთესად მოძრაობა? რა თქმა უნდა კი. შევძლებ თუ არა ამას? წარმოდგენა არ მაქვს.“ განაცხადა დიდი სლემების 24-გზის ჩემპიონმა.

უცნაურად წარიმართა და კიდევ უფრო უცნაურად დასრულდა ბალახის სპეციალისტის, პოლონელი ჰურკაჩის მატჩი ახალგაზრდა ფრანგ ფისთან. მატჩის ფავორიტი ჰუბი 1:2-ს აგებდა სეტებში, რომ მეოთხე სეტის ტაიბრეკზე, თან ანგარიშზე 8:8, ნახტომში დარტყმის მცდელობის დროს, პოლონელმა კოჭის ტრამვა მიიღო. თან ეს დაზიანება ისეთი აღმოჩნდა, რომ მეშვიდე განთესილმა, მატჩპოინტზე თამაში ვერ შეძლო, რაც დიდი იშვიათობაა.

ტრადიციულად წარუმატებლად გამოვიდა „უიმბლდონზე“ სტეფანოს ციციპასი. მეთერთმეტე განთესილისთვის, „მწვანე სლემზე“ საუკეთესო შედეგი მერვედფინალი იყო. წელს ბერძენი ასპარეზობას უკვე მეორე წრეში გამოეთიშა. მრისხანე მეტოქე, კი რომელმაც ეს შეძლო, მსოფლიოს 87-ე ჩოგანი, ემილ რუსუვუორი გახდა – 7:6 7:6 3:6 6:3.
საინტერესოა, რომ ბოლო დროისთვის იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც სტეფანოსი ტურნირს, თავის გერლფრენდზე, პაოლა ბადოსაზე ადრე გამოეთიშა. ესპანელი, მესამე წრის მატჩს ხვალ ჩაატარებს.

ბევრად მარტივი მატჩი გამოუვიდა ბადის ამ ნაწილის ერთ-ერთ ფავორიტს, საშა ზვერევს. „როლან გაროს“ ფინალისტმა ამერიკელი ჯირონი სამ სეტში 6:2 6:1 6:4 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ გასული სათამაშო დღე გამოირჩა უამრავი ხუთსეტიანი მატჩით. დიმიტროვმა, შაპოვალოვმა, კომასენამ, პოპირინმა, მუზეტიმ, ტაბილომ, ჰალისმა და შელტონმა თავიანთი გამარჯვებები სწორედ გადამწყვეტ სეტებში მოიპოვეს.











