არგენტინელებმა მარტივად, ფავორიტულად მოიგეს.
გახსნითი მატჩი, კოპა ამერიკის 2024 წლის გათამაშების ეგიდით ატლანტაში, ,,მერსედეს-ბენც სთეიდიუმზე” გაიმართა. საოცარი გარემო იყო. ერთმანეთს მოქმედი მსოფლიოს, კოპასა და ფინალისიმას ჩემპიონი არგენტინა და კანადის ახალგაზრდული, ამბიციური ნაკრებები უპირისპირდებოდნენ. 70000-ზე მეტი ადამიანი კი ,,მესის” მთელი მატჩის განმავლობაში სკანდირებდა.
სამხრეთელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას. ვერ ვიტყვით, რომ კანადელები გულხელდაკრეფილები ისხდნენ და პატარ-პატარა მომენტებს ვერ ქმნიდნენ, მაგრამ არგენტინას რომ საფეხბურთო ,,დნმ” და კლასი მეტი ჰქონდა, ყველა ეპიზოდში იგრძნობოდა. ჩემპიონებმა უამრავი მომენტი ვერ გამოიყენეს. მატჩის საერთო სურათი რომ წარმოვიდგინოთ, მარტო ის სტატისტიკაც კმარა, რომ კანადელთა მხრიდან საუკეთესო მათი მეკარე, მაქსიმ კრეპო იყო, რომელსაც 11! მოგერიება ჰქონდა. მათ შორის რამდენიმე, მკვდარი ბურთი იყო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ არგენტინამ საქმე მალევე, 49-ე წუთზე მოაგვარა. მესის ჯადოსნური პასის შემდეგ ბურთს ფეხი ალექსის მაკ-ალისტერმა ზუსტად მიარტყა და ხულიან ალვარეზმა ცარიელ კარში შეაგორა.
მეორე გოლის ეპიზოდში უკვე ცვილელებაზე შემოსულ ლაუტაროს თვითონ ,,ლა პულგამ” უპასა, რა თქმა უნდა, ისევ ჯადოსნურად. ერთი-ერთზე დარჩენილმა, იტალიის სერია ა-ს ბომბარდირმა კი შეასრულა და 88-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კოპა ამერიკა ნელ-ნელა გახურდება. არგენტინა დომინანტურად გამოიყურება. მალე ტურნირში სხვა ფავორიტებიც ჩაერთვებიან და ვნახოთ, ოკეანის მიღმა რა და როგორ წარიმართება.











