Centered Image

,,Dream Team” – ამით ყველაფერი ნათქვამია

ნებისმიერ საკალათბურთო ტურნირზე და მითუმეტეს ოლიმპიადაზე, ბუნებრივია, რომ ყველა ნაკრებს თავისი გულშემატკივარი როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყნებშიც ჰყავთ. სანაკრებო დონეზე ოლიმპიური ოქრო უმაღლესი ჯილდოა. მაგრამ ამ პატივის მიღება თუ გინდა, მართლაც ,,უდიდესი დრაკონი უნდა მოკლა”.

გულის სიღრმეში, ყველა არაამერიკელი კალათბურთელის ოცნებაა ამერიკის ნაკრები დაამარცხოს! სხვა ტურნირებზე შეიძლება ეს გამოგივიდეს, სადაც აშშ თავის საუკეთესო ,,ჯარისკაცებს” იშვიათად გზავნის ხოლმე, მაგრამ 1992 წლიდან ოლიმპიადაზე ერთ-ერთი უმთავრესი ინტრიგა, ამერიკის საკალათბურთო ნაკრებია.

მას შემდეგ, რაც კალათბურთი შეიცვალა და NBA-ც ბევრად ინტერნაციონალური ლიგა გახდა, თითქოს აშშ-ს დამარცხება აღარ არის გადაუჭრელი ამოცანა და რამდენიმე ნაკრებს ეს გამოუვიდა კიდეც, მაგრამ ფაქტი ერთია – 1992 წლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ, 2004 წელს ვერ მოახერხეს ამერიკელებმა ოქროს მედლების აღება და წელსაც ისეთი შემადგენლობა ჰყავთ, თითქმის წარმოუდგენელია, ამ დომინაციას საფრთხე შეექმნას.

გუნდის მთავარი მწვრთნელი უკანასკნელი დიდი დინასტიის მესაჭე, სტივ კერია, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს. როგორც მოთამაშესა და როგორც მწვრთნელს, სტივ კერს ჯამში 9 საჩემპიონო ტიტული აქვს და ამ მაჩვენებლით ლიგაში ცოტა თუ გაეჯიბრება. მისი შტაბიც ძალიან შთამბეჭდავია: 25 წლის მანძილზე ,,გონზაგას” უნივერსტიტესი მწვრთნელი მარკ ფიუ, ,,ლოს ანჯელეს კლიპერსის” ტაირონ ლიუ და ,,მაიამი ჰიტის” ერიკ სპოელსტრა, რომელიც ახალ თაობაში ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია.

რაც შეეხება შემადგენლობას – ეს არის სუპერ-გამოცდილი მოქმედი ლეგენდების, ახალი თაობის ვარსკვლავებისა და შავი სამუშაოს შემსრულებელი, საუკეთესო ,,როულ ფლეირების” მიქსი. ზოგიერთი მათგანისთვის ეს ტურნირი უკანასკნელი იქნება სანაკრებო კარიერაში, რაც აშშ-ს ნაკრებს, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა არასდროს აკლია, დამატებით მითოლოგიურობას ჰმატებს.

უკანა ხაზში დიდი კონკურენციაა, მაგრამ 2 ადგილიდან ერთ-ერთს, აუცილებლად სტეფ კარი დაიკავებს – ამ სპორტის ისტორიაში საუკეთესო მსროლელი. ,,ინდიანა პეისერსის” ტაირის ჰალიბარტონი ახალი თაობის, პასზე ორიენტირებული გამთამაშებელია. ,,ბოსტონ სელტიკსის” დერიკ უაითი (რომელმაც ტრავმირებული კავაი ლეონარდი ჩაანაცვლა) და ჯრუ ჰოლიდეი კი ელიტარული დონის მცველები, რომელთაც პარკეტის ორივე მხარეს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, განსაკუთრებით საკუთარ ნახევარზე.

მსროლელის პოზიციაზე ამბიციური ახალგაზრდები არიან: ,,ფინიქს სანსის” დევინ ბუკერი და ,,მინესოტა ტიმბერვულვზის” ენტონი ედვარდსი. ედვარდსის წარმატებებმა ბოლო პერიოდში ბუკერი დაჩრდილა და თუ კერმა ორი გამთამაშებლით თამაში არ გადაწყვიტა, წესით სტარტერი სწორედ ,,ჭიანჭველა” უნდა იყოს, მაგრამ არიზონელთა ვარსკვლავს როცა სროლა და თამაში მისდის, კონკრეტული ტესტის მარტო მოგებაც შეუძლია.

ფორვარდის ორი პოზიციიდან ერთი აუცილებლად დაკავებულია. ლებრონ ჯეიმსია ის კაცი, რომლის განცხადების შემდეგაც გადაწყვიტეს დანარჩენებმა, რომ პარიზში ითამაშებდნენ. მოკლედ ,,მეფე” თუ იტყვის რომ თამაშობს, ესეიგი ეს სერიოზული გუნდია და იქ მოხვედრა უკვე ყველასთვის კარიერული პატივია. კევინ დურანტი თუ ჯანმრთელი იქნება, ჯეიმსთან ერთად, სასტარტოდან აუცილებლად ის დაიწყებს. სხვა ვარიანტში შეიძლება ვიხილოთ 3 ნომერზე ,,ბოსტონ სელტიკსის” ჯეისონ ტეიტუმი, ან უფრო მძიმე ვარიანტი, სადაც ჯეიმსი მსუბუქი ფორვარდი იქნება და მეორე ფორვარდი მისივე თანაგუნდელი, ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ენტონი დევისი იქნება.

ცენტრის პოზიციაზე ძირითადი ვარიანტი საფრანგეთის ნაკრების ,,გადამგდები”,,ფილადელფია 76-ერსის” ჯოელ ემბიიდია, რომელიც ე.წ. სატესტო მატჩებში მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურება, ამიტომაც ამერიკული პრესა ძირითადში ცენტრის პოზიციაზე დევისს ითხოვს. სათადარიგო ვარიანტი ბევრად უფრო მობილური, მშრომელი და ნაკლებად პრეტენზიული ,,მაიამი ჰიტის” ბემ ადებაიოა, რომელიც უნივერსალური მცველია და მისი სტილის მოთამაშე თანამედროვე კალათბურთში ძალიან ძვირად ფასობს.

აშშ-ს ნაკრები ჯგუფში სამხრეთ სუდანის, პუერტო რიკოსა და სერბეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შემდეგ ეტაპზე გასვლაზე აქ საუბარი, ბუნებრივია არც არის – ერთადერთი მიზანი მათთვის ოქროს მედლების დამაჯერებლად მოპოვებაა. ,,დრიმ თიმის” პირველივე მატჩი კი საინტერესო ტესტია – ბოლო წლების NBA-ს ,,პრობლემის”, ნიკოლა იოკიჩის სერბეთის ნაკრები, რომელიც ყოველთვის სტაბილური და უხერხული მეტოქეა.

ვნახოთ რა იქნება – ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი გუნდით შოუ გარანტირებულია!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading