ქუთაისურმა კლუბმა ისტორიულად რეკორდული ტრანსფერი განახორციელა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ვლადიმერ “ლადო” მამუჩაშვილი კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს – აღნიშნულ ინფორმაციას “LaGazzetta” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების შემდეგ იმერულმა კლუბმა მოლდოვური „შერიფიდან“ მამუჩაშვილის ტრანსფერი ქართული კლუბებისთვის რეკორდულ თანხად გამოისყიდა. ქუთაისის „ტორპედოს წარმომადგენლობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბი ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს, ახლა კი ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.
ლადო მამუჩაშვილი „საბურთალოს“ (ამჟამინდელი „იბერია 1999“) საკმაოდ ნაყოფიერი აკადემიის აღზრდილია, სადაც 14 წელი ითამაშა და შემდეგ ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, რომელთან ერთადაც ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა და კლუბის საკვანძო მოთამაშე გახდა.
ბათუმის „დინამოში“ ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი – 2022 და 2023 წლების სეზონში. 2024 წელს გუნდი დატოვა და ტირასპოლის შერიფში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მისი მოლდოვური კარიერა კარგად დაიწყო და პირველივე მატჩებიდან გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ამის ფონზე, ცოტა უცნაურია, რომ მამუჩაშვილმა შერიფი დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ამ ტრანსფერში არასპორტული მიზეზები.

ლადო მამუჩაშვილმა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, ეროვნულ გუნდში კი სადებიუტო მატჩი 2021 წლის 5 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. სულ „ჯვაროსნებში“ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯერჯერობით, შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.
წარმატებები ლადო მამუჩაშვილსა და ქუთაისის ტორპედოს!












