გიორგი სარდალაშვილი ვერცხლს დასჯერდა.
22 წლის ძიუდოისტმა, თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალამდე იარა და საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ქართველთან, ლუკა მხეიძესთან დამარცხდა. ამ უკანასკნელმა, იუკოს მოპოვების შემდეგ, სარდალაშვილი მტკივნეულზე დაიჭირა და ტურნირის მასპინძელი, იძულებული გახდა, რომ მარცხი ეღიარებინა.
იქამდე გიორგი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც გერმანელი ჰეიდერი დაამარცხა. შემდეგ წრეებში, ერთი მეორეს მიყოლებით, სარდალაშვილი გაუმკლავდა ბელგიელ ფერსტრაეტენს და აზერბაიჯანელ აგაიევს, თუმცა იძულებული გახდა მხოლოდ ვერცხლის მედლით შემოფარგლულიყო.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართელი ფალავანი გასული ევროპირველობის გამარჯვებული იყო, შესაბამისად, მან ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა, თუმცა ქართულ დელეგაციას, საშინაო ტურნირის პირველი მედალი მოუტანა.
სარდალაშვილის გარდა, თბილისის ევრო 2026-ზე უკვე იასპარეზეს ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ჯულიეტა როდონაიამ (48 კგ) და ნინო თათრიშვილმა (52 კგ). სამწუხაროდ, სამივე ქართელი ძიუდოისტი ტურნირს საწყისსავე რაუნდებში გამოეთიშა.
ხვალ, საქმეში ქართული დელეგაციის კიდევ ხუთი წარმომადგენელი ჩაერთვება. 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი და მიხეილ ბახბახიშვილი იასპარეზებენ, 57 კგ წონაში ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე გამოვლენ, ხოლო 63 კგ წონაში ტატამიზე ნინო წიკლაურს ვიხილავთ.











