Centered Image

ამაშუკელი ნაკრებსა და “შავ ლომში”

მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული არბიტრი თავის კლასსა და გამოცდილებას ქართულ სარაგბო საქმეს მოახმარს.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბს საერთაშორისო რაგბის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი მსაჯი, ნიკა ამაშუკელი კონსულტანტის რანგში შეუერთდა.

ამაშუკელის ახალი როლი გუნდის საწვრთნელ პროცესში თამაშის წესებისა და მათი თანამედროვე ინტერპრეტაციის მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მატჩების ანალიზსა და გუნდთან მუშაობას მოიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას უკვე საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტი და “შავი ლომის” ოფიციალური სოციალური გვერდებიც ადასტურებენ.

ნიკა ამაშუკელი წლების განმავლობაში უმაღლესი დონის საერთაშორისო რაგბის ნაწილია. მისი პროფესიული კარიერა განსაკუთრებით სწრაფი პროგრესით გამოირჩევა – 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან სულ რამდენიმე წელიწადში, ის მსოფლიო რაგბის უმაღლეს სამსაჯო დონეზე დამკვიდრდა და 2023 წლის მსოფლიო თასის მოედნის მსაჯთა შორის მოხვდა.

სწორედ უმაღლეს საერთაშორისო დონეზე დაგროვილი გამოცდილება გახდება მნიშვნელოვანი რესურსი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომისთვის“.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდში გვყავდესს არა მხოლოდ ძლიერი მოთამაშეები და მწვრთნელები, არამედ ყველა ის კომპეტენცია, რომელიც თანამედროვე მაღალი დონის რაგბიში წარმატებისთვის არის საჭირო. ნიკა ამაშუკელის გამოცდილება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი რესურსი იქნება. ის უმაღლესი დონის საერთაშორისო რაგბის შიგნიდან იცნობს და მისი ცოდნის გაზიარება გუნდს დაეხმარება როგორც კონკრეტული ეპიზოდების უკეთ გაანალიზებაში, ისე თამაშის წესების თანამედროვე ინტერპრეტაციის კიდევ უფრო ღრმად გაგებაში“, – აცხადებს ვასილ აბაშიძე, საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი

თავის მხრივ, ნიკა ამაშუკელი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბებთან თანამშრომლობას უკვე შეუდგა.

მისი ჩართულობა მიზნად ისახავს გუნდებისთვის დამატებითი პროფესიული ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და იმ პროცესის გაძლიერებას, რომლის მთავარი ამოცანაც თანამედროვე საერთაშორისო რაგბის მოთხოვნებთან მაქსიმალურად შესაბამისი მომზადებაა.

წარმატებები ნიკა ამაშუკელსა და ქართულ სარაგბო სამყაროს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading