“მერსედესის” მორიგი მოგება და “რედ ბულის” ქამ ბექი.
უჩვეულოდ, შაბათ დღეს გადმოტანილი გრან-პრი (27 სექტემბერს, აზერბაიჯანში არსებული გლოვის დღის გამო) საქალაქო რბოლის კვალობაზე საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა, განსაკუთრებით სახალისო კი საფინიშო მონაკვეთი გამოდგა, სადაც მაქს ფერსტაპენმა, რასელთან მხოლოდ 0.1 წამით დათმო.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ახლო ფინიშისა, ბრიტანელი პილოტი მთელი რბოლის განმავლობაში ლიდერობდა და საბოლოოდ, კარიერის პირველი გრანდ სლემიც მოიპოვა (საუკეთესო წრე, ლიდერობა მთელი რბოლის განმავლობაში, პოული და საბოლოო მოგება).
აღსანიშნავია “რედ ბულისთვის” სეზონში საუკეთესო ასპარეზობაც. გარდა მაქსის მეორე პოზიციისა, მესამე ადგილი იზაკ აჯარს ერგო. სამაგიეროდ, ჩაუვარდათ ეს რბოლა “ფერარის” და “მაკლარენს”.
“პაპაიებმა”, ნორმალური ტემპის მიუხედავად, აზერბაიჯანის გრან-პრი უქულოდ დაასრულეს. ჯერ პიასტრიმ, რომელიც მთელი რბოლა პოდიუმისთვის იბრძოდა, აჯართან დუელისას დამუხრუჭების დროს შეცდომა დაუშვა და უამრავი პოზიცია დათმო, ხოლო ნორისი, გასლისთან ერთად კოლაპინტომ გაიტანა, რის გამოც, არგენტინელი, სავარაუდოდ, სერიოზულ სასჯელს მიიღებს.
ძრავის განახლებამ არ უშველა “ფერარის”. ლეკლერმა რბოლა მეოთხეზე, ხოლო ჰემილტონმა მეექვსეზე დაასრულა.
რაც შეეხება ჩემპიონატის ლიდერს, რომელსაც უიკენდი თავიდანვე არ აეწყო, ანტონელიმ, რბოლის პელოტონის ბოლოდან დაწყების მიუხედავად, მეხუთე ადგილამდე მისვლა მაინც მოახერხა.

აღსანშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წრის განმავლობაში, რასელის და ფერსტაპენის ბრძოლა მართალია დაძაბულად, მაგრამ ბრიტანელის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა უკანასკნელ მოსახვევებში ბოტასის ავარიის ფონზე, მაქსს მიახლოვების საშუალება მიეცა, თუმცა გადასასწრებად დისტანცია აღარ ეყო.
პირველ და მეორე პოზიციებს შორის დაფიქსირებული 0.1 წამი აღმოჩნდა 1971 წლის შემდეგ ყველაზე მცირე სხვაობა. მაშინ, გამარჯვებისთვის ბრძოლაში პიტერ გეტინმა, რონი პეტერსონს 0.01-ით აჯობა. საინტერესოა, რომ გეტინისთვის ეს ვიქტორია კარიერაში პირველი და უკანასკნელი გამოდგა.
შედეგად, ჯორჯ რასელმა, ანტონელისთან ჩამორჩენა 81-დან 66 ქულამდე დაიყვანა. მესამე ადგილს, ნორისის გამოვარდნის ფონზე ინარჩუნებს სირ ლიუის ჰემილტონი, რომელიც ერთ ახალგაზრდა თანამემამულეს 103 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეს 13 ქულით ასწრებს.
ფორმულა ერთის შემდეგი ეტაპი სეპანგის ლეგენდარულ ავტოდრომზე, მალაიზიაში, მომავალ უიკენდზე გაიმართება.










