ვილი სანიოლმა და მაიკლ ო’ნილმა მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან მალევე ისაუბრეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026 წლის გათამაშების პირველ მატჩში საშინაო არენაზე 0:1 დამარცხდა. სამწუხაროდ, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა 90+9 წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი გაგვიტანა და 3 ქულა წაიღო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მწვრთნელები ჟურნალისტებთან დასხდნენ და განვლილ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ვილი სანიოლი: “ვფიქრობ, სწორი გეგმა გვქონდა. იყო ტრავმიანობის პრობლემა. მაგალითად, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი 30-40 წუთზე მეტი დროით თამაშისთვის მზად არ იყვნენ. პრობლემურია ის, რომ ჩაკვეტაძის შემცვლელი სკამზე არ გვყავს.
პირველ ტაიმში ნორმალურად ვითამაშეთ, მეორეში – უკეთესად, მომენტების გამოყენების შემთხვევაში, შეხვედრას სასურველი შედეგით დავასრულებდით. პირველ ტაიმში ინტენსივობა გვაკლდა, ძალიან ნელა ვიწყებდით შეტევას, ხვიჩას უკან ჩამოსვლა უწევდა. შესვენებაზე ცვლილება განვახორციელე, რომელმაც იმოქმედა. გავაქტიურდით და ხვიჩას რომ პენალტი გაეტანა, სხვა სცენარს მივიღებდით.

დაახლოებით 4 წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენალტის შემსრულებელი ან ხვიჩა იქნება, ან მიქაუტაძე – დაარტყამს ის, ვინც იგრძნობს მეტ თავდაჯერებას. წარსულში მიქაუტაძესაც აქვს პენალტი გაფუჭებული (საბერძნეთთან) და ეს ხდება ხოლმე.
როდესაც აგებ, ყველაფერს მუქ ფერებში ხედავ. გასაგებია რომ მაკრიტიკებთ. ეს თქვენი, ჟურნალისტების საქმეა. თუმცა იყო ტრავმიანობის პრობლემა. მცველების იძულებითი ცვლილების გამო, შეტევაში რესურსი მაკლდება. კუნთის დაჭიმულობის გამო მცველების შეცვლა მომიწია და ეს იშვიათად ხდება”, – გულდაწყვეტით აღნიშნა სანიოლმა.
მედიასთან ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ო’ნილმაც ისაუბრა:
“ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიას არ მივეცით შესაძლებლობების გამოყენების საშუალება – ფეხბურთელს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ოქროს ბურთის კანდიდატია.
მეორე ტაიმში, როდესაც საქართველოს ნაკრების სათამაშო სქემა შეიცვალა, ჩვენ გარკვეული პრობლემები შეგვექმნა, თუმცა ამასაც კარგად გავუმკლავდით.
მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო ვარ. განსაკუთრებით არ ვეთანხმები პენალტის დანიშვნას. ასევე, მომენტში, როდესაც დენიელ ბალარდმა ტრავმა მიიღო, მიმაჩნია, რომ მეტოქემ ძალიან იუხეშა.
მოხარული ვარ, რომ მეტოქეს გოლი არ გავატანინეთ.

შედეგის მიუხედავად, საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს და ჩვენს მომავალ მატჩში არ მიმაჩნია რომ ჩრდილოეთ ირლანდია იქნება ფავორიტი. ტრავმის გამო დღეს მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, რამდენიმე მოთამაშემ გაფრთხილებაც მიიღო და ეს საყურადღებოა”, – ყურადღებით აღნიშნა ო’ნილმა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ, დინამო არენაზე თბილისის დროით 20:00 საათზე ჩაატარებს, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები კი იმავე დღეს საშინაო კედლებში უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს და ის მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!










