Centered Image

გველესა დაგვემშვიდობა

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების მცველი საფეხბურთო მინდორს ტოვებს.

საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, გიორგი გველესიანმა გულშემატკივარს კარიერის დასასრულზე აცნობა. სამწუხაროდ, ქრონიკულმა ტრავმამ, რომელიც გიორგის მთელი კარიერის განმავლობაში აწუხებდა, ქართველ მცველს თამაშის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა და 35 წლის ასაკში საყვარელ საქმეზე თავის დანებება აიძულა.

“გადავწყვიტე, დავასრულო ჩემი აქტიური საფეხბურთო კარიერა. ეს არ ყოფილა მარტივი, მაგრამ დგება დრო, როცა სხეულის ხმას უნდა მოუსმინო. ვინც მიცნობს, იცის ის უხილავი ბრძოლა, რასაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდი – ბოლო 10 წელია, ორივე მუხლის ქრონიკული ტრავმა ჩემი ყოველდღიური თანამგზავრია.

იყო მომენტები, როცა ტკივილი გაჩერებას მთხოვდა, მაგრამ ტრიბუნებიდან წამოსული თქვენი ენერგია მაძლევდა ძალას, გამაყუჩებლებით კიდევ ერთი მატჩი ჩამეტარებინა. მე ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი და ფეხბურთს მივეცი ყველაფერი — ენერგია, ჯანმრთელობა და დრო.

ვამაყობ, რომ ჩემი კვალი დავტოვე ყველგან, სადაც მითამაშია — მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

უღრმესი მადლობა გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებსა და ექიმებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს — თქვენი უპირობო თანადგომის გარეშე, ეს მოგზაურობა ბევრად ადრე დასრულდებოდა.

მინდორს ვტოვებ მშვიდად და თავაწეული, რადგან დასანანი არაფერი დამიტოვებია. მე ვიბრძოლე ბოლომდე” – ასეთი წერილით დაემშვიდობა გველესიანი გულშემატკივრებს.

გველესიანის პროფესიონალური კარიერა 2010 წლიდან, თბილისის დინამოში დაიწყო, სადაც 2017 წლამდე ითამაშა და გუნდი კაპიტნის რანგში დატოვა. ამის შემდეგ, კარიერა მან ირანის საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატში გააგრძელა, სადაც ზობ აჰანის, მაზანდარანის, სეპაჰანისა და პერსეპოლისის ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში გიორგი არაერთხელ დაეუფლა საქართველოსა თუ ირანში ტიტულებს და აზიაში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ამასთანავე, 2023 წელს გველესიანი ირანში საუკეთესო მცველადაც დაასახელეს. ის გულშემატკივრების განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ გამოირჩეოდა გოლების გატანის განსაკუთრებული უნარითა და თერთმეტმეტრიანების შესრულებით. 2024 ირანის ერთ-ერთი უდიდესი გუნდი, პერსეპოლისი, ჩემპიონი სწორედ მის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით გახდა და მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია.

საქართველოს ნაკრების რიგებში გველესიანი საკმაოდ გვიან, 33 წლის ასაკში გამოჩნდა და სადებიუტო მატჩი ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ, მონტენეგროს ნაკრებთან ჩაატარა და დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა. ამას მოჰყვა დიდებული მატჩები ევროპის ჩემპიონატზე, დაფარება რონალდუზე და სხვა. ჯამურად, გველესიანს ნაკრების რიგებში 10 მატჩი დაუგროვდა, თუმცა თითქმის ყველა საკმაოდ დასამახსოვრებელი.

გიორგი გველესიანი გამოირჩევა მისი გულწრფელი, ფეხბურთელის კვალობაზე საკმაოდ განათლებული ინტერვიუებითა და საინტერესო აზრებით ფეხბურთისა და სხვა სოციალური საკითხების შესახებ – ამის გამო, ის გულშემატკივარმა კიდევ უფრო შეიყვარა.

წარმატებები გიორგი გველესიანს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading