Centered Image

დამაჯერებელი მეორე ტაიმი და ზედიზედ მესამე მოგება

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.

პორტუგალიურ პორტუში მდებარე Matosinhos Sports and Events Center-ში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პორტუგალიას ესტუმრა და შედეგიან შეხვედრაში, 98:90 სძლია.

მატჩს ორივე გუნდი მშვენიერ ხასიათზე შეხვდა. ჩვენ, რამდენიმე დღის წინ მონტენეგრო გავანადგურეთ, ხოლო კეტამ და მისმა თანაგუნდელებმა, საშინაო მარცხი ესპანეთს აგემეს.

შეხვედრა ჩვენთვის უმძიმესად დაიწყო. პირველ მეოთხედში 11:0 გაქცევის შემდეგ, სამხრეთელებმა ლიდერობა იგდეს ხელთ, ხოლო ჩვენმა ლეგიონერმა, რიდმა, სამი უსწრაფესი ჯარიმის გამო, სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა. მეორე მეოთხედიდან მოყოლებული, ჯიკიჩის გუნდმა ნელ-ნელა თამაში იპოვა, ხოლო მატჩის მეორე ნახევარში ინიციატივა მთლიანად ჩვენი გუნდის ხელში გადავიდა.

განსაკუთრებით გამორჩეული ჩვენი გუნდის აქტიური დაცვა იყო. პორტუგალიელებს, 19 დაკარგვა დაუგროვდათ, რომელთაგან 14 ცოცხალ ბურთზე მოხდა და ქართველების მხრიდან შესრულებული ჩაჭრებით დასრულდა. ჩვენი გუნდის ტრანზიციას, ფიზიკურმა, თუმცა საკმაოდ მძიმე მეტოქემ ვერაფერი მოუხერხა, ხოლო მისი უდავო ლიდერის, კეტას ძლიერმა გამოსვლამ (20 ქულა, 11 მოხსნა, 4 ბლოკშოტი, 4 ასისტი), შედეგზე ვერანაირი გავლენა ვერ იქონია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ტრადიციულად გამორჩეულ კალათბურთელებთან ერთად, სასიამოვნო სიურპრიზიც იმსახურებს ყურადღების გამახვილებას. კარიერის საუკეთესო ფორმაშია რატი ანდრონიკაშვილი. მონტენეგროსთან კარგი თამაშის შემდეგ, პორტუგალიასთან, ქართველმა უკანახაზელმა ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, 11-ში ცხრა ზუსტი ტყორცნა შეასრულა, მათ შორის სამიდან ორი სამქულიანიც, 20 ქულას 4 ჩაჭრაც მიუმატა და მატჩის ერთ-ერთი გმირიც გახდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მისი დღევანდელი გამოსვლა რიდის ხუთი დაკარგვის და სამი სწრაფი ფოლის გამო იყო, რის გამოც, ჩვენს ლეგიონერს დროც შეუმცირდა და საერთოდაც, ნაკრების მაისურით ერთ-ერთი ყველაზე ფერმკრთალი შეხვედრაც გამოუვიდა.

რაც შეეხება ჩვენს კაპიტანს, თოკომ, მთელი შეხვედრა შეუცვლალად ჩაატარა და 40 წუთში, 26 ქულა და 6 მოხსნაც დააგროვა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტით მხოლოდ კეტას ჩამორჩა.

აღვნიშნოთ ასევე მამუს 22 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი, ასევე ბითაძის 11 ქულა და ხუთი მოხსნაც.

შედეგად, აგვისტოს ფანჯარა ასპროცენტიანი შედეგით დავხურეთ, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის რეალურ ბრძოლაში დასარჩენად, არცთუ წარმატებული პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ, აუციელებელი წინაპირობა იყო. ხუთი გამარჯვებით და სამი მარცხით, ჯერ-ჯერობით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამყვან, მესამე პოზიციაზე ვიმყოფებით, თუმცა წინ ჩვენთვის ურთულესი, ნოემბრის ფანჯარაა, რომელშიც ნბა-ს კალათბირთელები, მამუკელაშვილი და ბითაძე ვეღარ დაგვეხმარებიან. საბერძნეთთან გასვლითი შეხვედრა 26, ხოლო პორტუგალიასთან საშინაო მატჩი 29 ნოემბერს გველის.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading