Centered Image

ევროპელთა ბომბარდირები “უცხოპლანეტელს” არ ჩამორჩნენ

ფრანგებს მუნდიალის ისტორიაში ყველაზე “ხანგრძლივი” მატჩი გამოუვიდათ, ნორვეგიულმა “დრაკარმა” კი ძლიერ სენეგალურ ტალღებს გაუძლო.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ნელ-ნელა დასკვნითი ფაზისკენ მიდის, შესაბამისად, იზრდება დაძაბულობაც. მე-2 ტურის მატჩებში ამჯერად ფავორიტი ფრანგები ერაყელებს დაუპირისპირდნენ, ამავე ჯგუფში კი ნორვეგია საქმეს სენეგალის ნაკრებთან არკვევდა.

საფრანგეთის ნაკრებმა ძალიან დამაჯერებლად, 3:0 გაიმარჯვა და მეტოქეს არაფრის შანსი არ მისცა. მიუხედავად ასეთი ნიშნულისთვის შეუსაბამო ასაკისა, უნდა ვთქვათ, რომ სანაკრებო დონეზე თავისი მე-100 მატჩი ჩაატარა კილიან მბაპემ, მუნდიალებზე კი მე-16.

ანგარიში სწორედ ფრანგთა კაპიტანმა გახსნა, როცა მე-14 წუთზე მბაპემ მარჯვნიდან ცენტრში შეიწია და მარცხენა ფეხით აუღებელი დაარტყა.

პირველი ტაიმი უწყვეტი, თავსხმა წვიმის ფონზე მიმდინარეობდა და ეს ყველაფერს დაეტყო. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მატჩის გადადება გამოცხადდა, რადგანაც ძლიერი ჭექა-ქუხილი იყო. საბოლოოდ, მე-2 ტაიმი დაახლოებით 1,5 საათის შემდეგ განახლდა, თუმცა ამას ფრანგებისთვის ხელი არ შეუშლია.

54-ე წუთზე ერაყელთა დაცვის ხაზმა ბურთის ამოტანა მოკლე პასებით სცადა, თუმცა უხეში შეცდომა დაუშვეს და დაისაჯნენ. უსმან დემბელემ ხვიჩასგან სწორი გაკვეთილი ისწავლა და მეკარესთან პირისპირ მყოფნა მბაპეს უპასა. კილიანმაც მორიგი გოლი შეაგდო და მუნდიალზე თავისთვის მე-16 გოლი გაიტანა. ამ შედეგით მბაპე ლეგენდარულ მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა, თუმცა მესიმ უკვე ახალი რეკორდი დააფიქსირა და ახლა ის ნიშნული არსებობს. უბრალოდ, კილიანს 100 პროცენტიანი შედეგი აქვს – 16 მატჩი და 16 გოლი, აქედან 6-ჯერ დუბლი.

მე-3 გოლიც მალე გავიდა. ერაყელებმა თითქმის იგივე შეცდომა დაუშვეს, რაც მე-2 გოლისას. ამჯერად, ოლისემ კარგი პასით დემბელე მოძებნა და მოქმედმა ოქროს ბურთის მფლობელმა ინდივიდუალური თამაშის შემდეგ თავისი გოლიც გაიტანა.

საფრანგეთის ნაკრებს უკვე 6 ქულა დაუგროვდა და ჯგუფიდან გასულია, მაგრამ თუ უნდა, რომ პირველი ადგილით გავიდეს, მაშინ საქმე აგრესიულ ნორვეგიელებთან უნდა გაარკვიონ.

თავის მხრივ ნორვეგია სენეგალს დაუპირისპირდა და მძიმე მატჩი მივიღეთ. პირველ ტაიმში დაბალი ტემპი, ბევრი შეცდომა და დაბალი ხარისხი მივიღეთ. ნორვეგია უფრო კოლექტიურად, ღრმად ჩამჯდარი იცავდა თავს, ნორვეგიელები კი კონტრ-შეტევებში კარგად გარბოდნენ.

ანგარიში ტაიმის მიწურულს გაიხსნა. კალიდუ კულიბალიმ გრძელი პასის შემდეგ ბურთი უყურადღებოდ მოიგერია, რომელიც ცვლილებიდან შემოსულ მარკუს პედერსენს ჩაუვარდა, ახლო კუთხეში ძლიერად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

უნდა ვახსენოთ, რომ პედერსენი თამაშში რიერსონის ნაცვლად ჩაერთო, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო, თუმცა ტრავმა მიიღო. სოლბაკენმა მე-2 ტაიმშიც სწორი ცვლილებები გააკეთა და თითქმის ყველა შემოსულმა ფეხბურთელმა ნორვეგიელთა თამაშზე დადებიდათ იმოქმედა.

მე-2 ტაიმში გუნდები მეტად ამოძრავდნენ, სივრცეებიც უფრო გაჩნდა და მომენტებიც შეიქმნა. ვინ გამოიყენებდა პირველი ამ “ქაოსს”, თუ არა ერლინგ ბრაუტ ჰალანდი. 48-ე წუთზე ნორვეგიელებმა მეტოქე ღია სივრცეში გამოიჭირეს, ოდეგარდმა ჰალანდს უპასა და ერლინგიც არ დააღალატა ბომბარდირულმა თვისებებმა.

მე-2 ტაიმში სენეგალელები კიდევ უფრო მეტ დროს ატარებდნენ მეტოქის მესამედში, მაგრამ ძალიან რთულია გოლის გატანა, როცა მეტოქე მასირებული დაცვით დგას, ყველა მეტოქე 2 მეტრია, შენი ფორვარდი კი ნიკოლას ჯექსონია, რომელმაც რამდენიმე კარგი მომენტი გაანიავა. 53-ე წუთზე სადიო მანეს ჭკვიანური პასის შემდეგ კარის სიახლოვეს ისმაილა სარი აღმოჩნდა და როგორც იქნა, სენეგალმაც შეაგდო.

ამის შემდეგ ორმხრივი შეტევები გაჩაღდა. სენეგალს გასატანი ჰქონდა და აწვებოდა, ნორვეგიელები კი ეპიზოდურად გარბოდნენ წინ. ერთ-ერთი ასეთი გაქცევისას “ბოდო გლიმტის” მარკუს ბერგმა ჩაიგდო ბურთი მეტოქის საჯარიმოში, სწორ პოზიციაში მყოფ ჰალანდს უპასა და ამ უკანასკნელმაც მაშინვე დუბლი შეასრულა. ერლინგს მუნდიალებზე უკვე 2 მატჩი და 4 გატანილი გოლი აქვს.

ამის შემდეგ სოლბაკენმა ჰალანდის გარდა ყველა ტანმაღალი შემტევი ლიდერი გაიყვანა და უფრო მწვავე იერიშები დაიწყო, თუმცა მორიგი მასირებული შეტევისას გოლი ისევ სენეგალმა გაიტანა და ზუსტი დარტყმის ავტორი ისევ საყრდენი ნახევარმცველი, ისმაილა სარი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, სენეგალს დრო აღარ ეყო და 3:2 დამარცხდა. ნორვეგიელები მხიარულ ფეხბურთს თამაშობენ – 2 მატჩის ჯამში მათ ანგარიშზე 7 გატანილი და 3 გაშვებული გოლია.

მომდევნო მატჩში “ვიკინგები” დომინანტურად მოთამაშე ფრანგებს დაუპირისპირდებიან და ჯგუფის პირველ ადგილოსანს გაარკვევენ, სენეგალი და ერაყი იმედოვნებენ, რომ მეტოქეს მოუგებენ, 3 ქულას აიღებენ და 8 საუკეთესოს შორის მოხვედრას ეცდებიან.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading