ხორვატები საკუთარ მოედანზე შერცხვნენ.
ერთა ლიგის A დივიზიონის მესამე რაუნდის შეხვედრაში, ხორვატიამ ესპანელებისგან გამწარებულ ინგლისელებს უმასპინძლა და საკუთარ ისტორიაში უდიდესი მარცხიც იგემა – 0:7. აქამდე, ხორვატების ანტირეკორდი 2018 წელს ესპანეთის წინააღმდეგ 0:6 წაგება იყო.
მატჩის მთავარი გმირი ჯუდ ბელინგჰემი გახდა, რომლის აქტივშიც გოლი და სამი ასისტია. აღსანიშნავია, რომ ამდენი საგოლე გადაცემა, ერთ მატჩში ჯუდმა კარიერაში პირველად მოაგროვა. ამ სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში (ნაკრები+რეალი), ნახევარმცველის აქტივში 4 გოლი და 6 ასისტია.
კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო გუნდის კაპიტანიც. ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა. ეს მისი 88-ე და 89-ე სანაკრებო გოლები იყო. ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ექვს მოთამაშეს აქვს ამაზე უკეთესი რეზულტატი დაფიქსირებული: ლევანდოვსკი (პოლონეთი) – 92, ლუკაკუ (ბელგია) – 94, სუნილ ჩჰეტრი (ინდოეთი) – 95, ალი დაეი (ირანი) – 108, ლეო მესი (არგენტინა) – 125, კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – 146.
კეინმა, ზედიზედ მეექვსე მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა.მის აქტივში, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 10 გატანილი გოლია.
ჯგუფის ლიდერი კი ისევ ესპანეთია, რომელიც სამი ტურის შემდეგ დანაკარგის გარეშე მიდის.










