სტაბილურობა, რომელიც კლასის ნიშანი სულაც არაა.
ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე რაუნდის შეხვედრა, ისევე როგორც წინა ორი მატჩი, ჩვენმა ნაკრებმა კვლავაც გატანილი გოლის გარეშე დაასრულა – ამჯერად, 1:0 საშინაო გამაჯრვება უნგრელებს.
უკრაინასთან მატჩთან შედარებით, ჩვენს გუნდში ერთადერთი ცვლილება იყო. სვანაძემ, ქოჩორაშვილის ნაცვლად ერედივიზიის აღმოჩენა, ირაკლი იეგოიანი გამოიყვანა, რითიც შემადგენლობა თითქოს უფრო შემტევი უნდა ყოფილიყო, რადგან მატჩი მოსაგები გვქონდა.
სინამდვილეში კი შეხვედრის ძირითადი ნაწილი, განსაკუთრებით მატჩის პირველ ნახევარში ისევ დაცვაში გავატარეთ. მართალია საბოლოო ბურთის ფლობა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა (58:42), მაგრამ xG-ით მასპინძლებმა მაგრად დაგვჩაგრეს – 1.98 ჩვენი 0.42-ის წინააღმდეგ. დიდი განსხვავება იყო კარის მიმართულებით (26:8) და კარის ჩარჩოში (8:3) დარტყმებითაც.
შეხვედრის ერთადერთი გოლი ლოჩოშვილის უხეშ შეცდომას მოჰყვა, რომლითაც “ლივერპულის” ერთ-ერთმა ყველაზე ცუდმა ბოლოდროინდელმა ტრანსფერმა, კერკეზმა ისარგებლა და გოლი 35-ე წუთზე შეაგდო.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი კი უდავოდ შობოშლაი გახდა. 79-ე წუთზე შეცვლილმა ნახევარმცველმა, მოედნის ყველა წერტილში მოასწრო დომინირება და ჩვენს გუნდს, სწორად და შედეგიანად მოძრაობის მასტერკლასიც ჩაუტარა.
წაგების გარდა სამწუხარო მომენტი კიტეიშვილის მორიგი ტრავმა იყო. ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი 50-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.
საინტერესოა, რომ ჩვენი მარცხის პარალელურად, სენსაცია მოხდა ჯგუფის მეორე შეხვედრაში, სადაც უკრაინა გამანადგურებელი ანგარიშით 0:3 დამარცხდა ჩრდილოეთ ირლანდიასთან. შედეგად, სამი ტურის შემდეგ, ჯგუფს სათავეში ორი მოგებით, ერთი ფრით და 4:0 გოლების ბალანსით ჩრდილოეთ ირლანდია უდგას. უკრაინას და უნგრეთს 4-4 ქულა აქვთ, ხოლო საქართველოს ნაკრები ერთი ქულით და 0:2 გოლების ბალანსით ბოლო ადგილზე იმყოფება.
მიმდინარე სანაკრებო პაუზაზე, ჩვენებს ერთი მატჩი დარჩებათ ჩასატარებელი – გასვლაზე ჯგუფის ლიდერთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან 5 ოქტომბერს, ხოლო 14 და 17 ნოემბერს, გველის უნგრეთთან და უკრაინასთან დაპირისპირებები.










