Centered Image

ესპანეთმა ნახევარფინალში ,,სული გაათრია”

ტონი კროოსის კარიერა მინორულ ნოტაზე დასრულდა.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე პირველი მეოთხედფინალი შტუტგარტში გაიმართა და ნამდვილი კლასი დაიდო. მასპინძელი გერმანია შთამბეჭდავ ესპანეთს დაუპირისპირდა და როგორც აფიშას ეკადრებოდა, იმ დონის მატჩი შედგა.

მთლიანობაში, კლასი ჩანდა ორივე გუნდში, უბრალოდ კლასი შემტევებთან ერთად მცველებსა და მეკარეებსაც აქვთ. ვერ ვიტყვით, რომ მომენტების ,,წვიმა” ვიხილეთ.

პირველ ტაიმში გერმანია უპირატესობას ფლობდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საწყის 20 წუთში მეტოქეს ბურთი არ მისცა. თუნდაც პირველი ტაიმის შემდეგ, ესპანეთის ნაკრებზე მეტი ხნით ბურთს ფლობდე, უკვე დიდი მიღწევაა. ალბათ უნდა ვაღიაროთ, რომ ამაში თავისი წვლილი პედრის ტრავმამაც შეიტანა, რომელმაც ტონი კროოსთან საკმაოდ უხეში შეჯახების შემდეგ მუხლი დაიზიანა და თამაში ვეღარ გააგრძელა. მართალია, მის ნაცვლად თამაშში ჩართული დანი ოლმო მშვენივრად გამოიყურებოდა, მაგრამ პედრი მაინც სხვა, უფრო ბურთის დამჭერი სტილის ფეხბურთელია, რომელიც ესპანურ სათამაშო იდეოლოგიას, ალბათ მეტად ერგება.

პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი შეტევა და კარგი დარტყმა იყო, მაგრამ ორივე გუნდის უკანა ხაზი, მეკარეების ჩათვლით, თითქმის უშეცდომოდ თამაშობდა და საგოლე მომენტებამდე საქმე ნაკლებად მიდიოდა.

მეორე ტაიმის სტარტიც, თითქოს გერმანელებს მიჰყავდათ, მაგრამ ზედმეტად ამოწეულმა დაცვის ხაზმა ესპანელებს სათავისო მომენტი მაინც მისცა. ლამინე იამალმა ბურთი თავის მარჯვენა ფლანგზე მიიღო, ფიქრობდნენ, რომ ტრადიციულ მოტყუებაზე უნდა წასულიყო, როცა საჯარიმოს მისადგომებთან პასი თითქოს არავისზე გააკეთა. უცნაურია, რომ გერმანელებმა იმდენად სახიფათო ზონაში ასეთი დიდი სივრცე დატოვეს, ამ შეცდომით სწორედ ოლმომ ისარგებლა, ცარიელ და უკვე ბურთიან ზონაში სიღრმინად მოულოდნელად გამოჩნდა და ნოიერს დაბალ მარჯვენა კუთხეში ნელა, მაგრამ ძალიან ზუსტად დაურტყა.

გაშვებული გოლის შემდეგ იულიან ნაგელსმანმა ცვლილელებს სწრაფად მიმართა და მოედანი ფულკრუგი-ვირტცის დუეტით გააძლიერა, რამაც შედეგი ნამდვილად მოიტანა. დარჩენილ დროში ესპანეთმა ძალიან უკან დაიხია და გერმანიას მისცა საშუალება, ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს ეტრიალებინა. ფულკრუგს ცოტათი არ გაუმართლა და საჯარიმოში ფორვარდულად მოგებული ბურთის დარყმის შემდეგ ძელს მოარტყა. ამას მოჰყვა დე ლა ფუენტეს უცნაური სვლა, როცა ჯერ მოედნიდან იამალი გაიყვანა, შემდეგ ნიკო უილიამსი და მათ მორატაც მოაყოლა. არადა ობიექტურად, სამივე შემტევი კარგ მატჩს ატარებდა.

საკუთარ ფეხბურთზე უარის თქმის გამო ესპანეთის ნაკრები დაისაჯა. გერმანელთა მასიურ იერიშებს ბოლო არ უჩანდა, როცა მორიგ ჩაწოდებას ფლორიან ვირტცი გამოეხმაურა და იოზუა კიმიხის პასით ანგარიში 89-ე წუთზე გაათანაბრა. ამ გოლმა თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

ფსიქოლოგიურ უპირატესობა მიღებული გერმანიის ნაკრები უფრო ბევრს უტევდა, თუმცა ძალიან საფიხათო მომენტამდე ვერ მიჰყავდა საქმე. პირველი დამატებითი ტაიმის მიწურულს საჯარიმოს მისადგომებთან მუსიალას დარტყმის შემდეგ ბურთი ხელში საჯარიმოში მდგომ მარკ კუკურელიას მოხვდა. ჩემთვის მაინც უცნაურია, რომ ვიდეო რეფერიმ ეს მომენტი გადახედა და საჭიროდაც კი არ ჩათვალა, რომ მთავარი არბიტრი, ენტონი ტეილორი, სანახავად გაეშვა. ნამდვილად უცნაურია. ზოგადად, არბიტრებისადმი ამ უმაღლესი დონის მატჩში, სამწუხაროდ ბევრი კითხვა იყო. სტარტზე მსაჯმა მეტად ხისტად თამაშის ,,ნება დართო” ფეხბურთელებს, რამაც შეხვედრას ცოტა უხეში ხასიათი მისცა და მატჩის მეორე ნაწილში ტეილორს უკვე ბარათების ჩამორიგება მოუხდა. 17 ბარათი ასეთი კლასისა და რანგის შეხვედრისთვის ბევრი მეჩვენება.

მეორე ტაიმშიც უპირატესობას გერმანელები ფლობდნენ და საქმე თითქოს თერთმეტმეტრიანების სერიისკენ მიდიოდა, როცა 119-ე წუთზე დანი ოლმომ ცვლილებაზე გამოსულ მიკელ მერინოს მეტოქის საჯარიმოში ბურთი თავზე დაასვა და ამ უკანასკნელმაც ესპანელთათვის მომგებიანი გოლი გაიტანა.

გერმანელებმა სასწაულის მოხდენა და გათანაბრება სცადეს. ჯამალ მუსიალამ კარვახალი თავის ფლანგზე მოატყუა და დანიმ მეტოქეს რომ არ ჩაეწოდებინა, მეორე ყვითელი ბარათის ფასად თამაშის წესები უხეშად დაარღვია და წითელი მიიღო. აქედან მალევე გერმანელებმა ბოლო წამზე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს, როცა ტომას მიულერის ჩაწოდებას ფულკრუგი გამოეხმაურა და თავით საკმაოდ კარგად დაარტყა, თუმცა მცირედით ააცდინა და მასპინძელი გერმანიის ნაკრები ტურნირს დაემშვიდობა.

საფეხბურთო კარიერას დაემშვიდობა ტონი კროოსიც. ნაკრებში უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა ტომას მიულერმაც, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა და მოედანზე ენერგიული ძრავის როლს ასრულებდა. ესპანეთი, რომელმაც თავის ფეხბურთს ცოტა ხნით უღალატა, კინაღამ დაისაჯა, თუმცა რაღაც მანქანებით ნახევარფინალში მაინც ,,გაძვრა” და იქ უკვე დანაკლისით მძიმე მეტოქესთან გამკლავება მოუწევს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading