ატლეტიკო მადრიდის გულშემატკივრებს ამ მატჩის შემდეგ პრეტენზიები ნამდვილად ექნებათ.
მიკელ არტეტამ დიდი ნაბიჯი გადადგა ტიტულისკენ. ლონდონის არსენალმა ბუკაიო საკას ერთადერთი გოლით ატლეტიკო დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგო და ფინალში არსებობის ისტორიაში მეორედ ითამაშებს.
ამ გუნდების შორის გამართული წინა დაპირისპირება “მეტროპოლიტანოზე” 1:1 დასრულდა (გიოკერეშის პენალტს, ალვარესმა პენალტითვე უპასუხა), ამიტომ “ემირეიტსზე” ყველაფერი თავიდან იწყებოდა. უფრო მეტი მოულოდნელობა მიკელ არტეტას 11-ეულში იყო: დაცვაში გამოჩნდა კალაფიორი, შუახაზში – ლუის-სკელი და უფრო წინ ტროსარი. შესაბამისად, სკამზე დარჩნენ ინკაპიე, ზუბიმენდი და გაბრიელ მარტინელი. დიეგო სიმეონემ ლორენტეს შუახაზში მიუჩინა ადგილი.

არსენალმა ბურთის ფლობაში დიდი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ეს დიდხანს არ ასახულა სახიფათო მომენტებში. გოლი 44-ე წუთზე გავიდა, როცა გიოკერეშის ჩაწოდების შემდეგ ტროსარი კარში ურტყამდა, ობლაკმა მოიგერია, მაგრამ ბუკაია საკა თამაშგარე მდგომარეობაში მოხვედრას გადაურჩა და ახლო მანძილიდან დაამატა – 1:0.

მეორე ტაიმში არსენალს ზუსტად არ დაურტყამს, თუმცა გუნდმა მთავარი შეძლო – პირველი ტაიმის ანგარიში შეინარჩუნა. მადრიდელებსაც ჰქონდათ კარგი მომენტები, თუმცა რამდენიმეჯერ ოსტატობამ უმტყუნათ, არსენალის დაცვაც კარგი იყო, თუმცა იყო ეპიზოდები, როცა უხეშობის ზღვარს გასცდნენ. განსაკუთრებით რიკარდო კალაფიორისა და ანტუან გრიზმანის ეპიზოდი გამოიყურებოდა საეჭვოდ.

არსენალი ფინალში, რომელიც 30 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება, ან ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება, ან ბაიერნს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება პარიზში 5:4 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა მიუნხენში 6 მაისს შედგება.
წარმატებები ხვიჩა კვარაცხელიას!










