საქართველოს ნაკრებში ახალმა წარმომადგენლებმა თავი კარგად წარმოაჩინეს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ჩვენი გუნდი მე-2 ტაიმის სტარტზე ცოტა ხნით იგებდა, მაგრამ რუმინელებმა მალევე გაიტანეს და საბოლოოდ ჯენტლმენური ფრე, 1:1 მივიღეთ.
პირველ ტაიმში უფრო აქტიურად აზაროვი-ჩაკვეტაძის მარცხენა ფლანგი გამოიყურებოდა. იქაური ჩაწოდებებიდან შეიქმნა რამდენიმე მომენტი, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. ბურთის ამოტანა გვიჭირდა, მაგრამ საკუთარი ნახევრის სიახლოვეს უფრო სტაბილურად ვაკონტროლებდით, თუ რამდენიმე მინი-ლაფსუსს არ გამოვყოფთ.
სამწუხაროდ, პირველი ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღო გიორგი ჩაკვეტაძემ. კიტეიშვილის კარგი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მცველმა მცირედით დაასწრო და უხეში კონტაქტი გამოუვიდა.
მე-2 ტაიმიდან მის ნაცვლად ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში დებიუტანტი ირაკლი იეგოიანი, რომელიც უფრო მეტად, მარჯვნივ მოქმედებდა. სწორედ მისი და გიზი მამაგეიშვილის კომბინაციიდან შეიქმნა ჩაწოდება, როცა გოლი გავიტანეთ – რუმინელთა მეკარე ცუდად გამოვიდა, რითაც ყველაზე სწრაფად ქვილითაიამ იმოქმედა და ანგარიში გახსნა. ზოგადად ქვილითას კარგი მატჩი ჰქონდა – ბევრს იბრძოდა ზურგით კარისკენ, რამდენიმე კარგი ასისტის მცდელობაც ჰქონდა.
55-ე წუთისთვის რუმინელები ჩვენს საჯარიმოსთან აღმოჩნდნენ, როცა სკრეჩუს მაგარი პასის შემდეგ მუნტეანუმ თავით შეგვიგდო. შემტევებმა მაგრად შეასრულეს, მაგრამ ცოტა კონტექსტიდან ამოგლეჯილი მომენტი იყო.

60-ე წუთის შემდეგ მოედანი დატოვა გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ. თავის 129-ე სანაკრებო მატჩში კაშო ორივე გუნდის ფეხბურთელებმა საპატიო დერეფანით გააცილეს – ემოციური და ლამაზი მომენტი იყო. კაპიტნის სამკლაური ოთარ კიტეიშვილს გადაეცა, რითაც დადასტურდა, რომ ის ვიცე-კაპიტანი იქნება.
რამდენიმე სხვა ცვლილებაც იყო – ცუდად არ შემოვიდა გიორგი კვერნაძე. კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა ვერ შეაგდო. ნაყოფიერი მატჩი ჰქონდა აზაროვს, რომელიც მუდამ აქტიურობდა და ბურთის ამოტანაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მშვენივრად შემოვიდა იეგოიანი, არაბუნებრივ პოზიციაზე აქტიურად გამოიყურებოდა გიზი მამაგეიშვილი – განსაკუთრებით მე-2 ტაიმში. ჩაკვეს ტრავმა სამწუხარო იყო, კარგი ტაიმი ჰქონდა – იმედია დიდი ხნით არ იუქმებს.

ჩვენი ნაკრები მომდევნო მატჩს 5 ივნისს, უკვე ბაჰრეინის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. უკვე ცნობილია, რომ იმ მატჩში მონაწილეობას კვარაც მიიღებს.
წარმატებები საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს!










