სრულიად მოულოდნელად, ნიდერლანდელის საკითხი ძალიან მარტივად, მუნდიალამდე გადაწყდა.
უკვე ბევრი ავტორიტეტული წყარო ადასტურებს, რომ ნიდერლანდების ნაკრების ინტერის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, დენზელ დუმფრისი მადრიდის რეალის ფეხბურთელი გახდება!
“სამეფო კლუბმა” ტრანსფერზე შეთანხმებას სრულად მიაღწია და უახლოეს ხანში ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდება.
რეალი მილანის ინტერს 30 წლის მცველის სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას გადაუხდის – ეს კი, მხოლოდ 20 მილიონი ევროა. როგორც გაირკვა, დუმფრისი ჟოზე მოურინიოს მთავარი სამიზნე ყოფილა, ასე რომ, ნიდერლანდელი ფეხბურთელი მომდევნო სეზონიდან “ბერნაბეუზე” ითამაშებს. ის კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ნიკოლო სკირას ცნობით, დუმფრისი ბარსელონას სიაშიც იყო, როგორც ჟიულ კუნდეს პოტენციური შემცვლელი, მაგრამ რეალმა უფრო სწრაფად იმოქმედა და ფეხბურთელსაც მადრიდში გადაბარგება სურდა.
ინტერმა დუმფრისის შესაცვლელად უკვე დაიწყო მუშაობა და იტალიის ჩემპიონის მთავარი სამიზნე ბერგამოს ატალანტას ნიჭიერი მარჯვენა ფლანგელი, მარკო პალესტრაა. ატალანტა მის სანაცვლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან მხოლოდ მინიმუმ 50 მილიონი ევროს ფარგლებში დაჯდება. პალესტრას მიმართ ინტერესს პრემიერლიგის კლუბებიც იჩენენ, რაც ფეხბურთელის საწყის ფასს კიდევ უფრო ზრდის – ამგვარად, საწყისი ფასი 50 მილიონია, რაც შეიძლება გაიზარდოს.
დენზელ დუმფრისი ინტერში 2021 წელს გადავიდა, მას შემდეგ “ნერაძურის” მაისურით 207 თამაშში 27 გოლი გაიტანა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩამოყალიბდა.










